თბილისში დაიწყო 4-დღიანი ფიბა-ს სამწვრთნელო კლინიკა დაიწყო, რომელსაც ევროპაში ცნობილი სერბი სპეციალისტები – ნენად ტრუნიჩი, ალეკსანდარ ჯიკიჩი და რიჩარდ სტოკსი უძღვებიან. კემპის მეოთხე მომხსენებელია ანატოლი ბოისა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტია. კლინიკა ფიბა-სა და საქართველოს კალათბურტის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.
კლინიკის პირველ დღეს ქართველ მწვრთნელებს სემინარები რიჩრდ სტოკსმა და ალეკსანდარ ჯიკიჩმა ჩაუტარეს. ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგისა და ასაკობრივი A ლიგების გუნდების მწვრთნელები მოვიდნენ, რომლებმაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მსაჯთა ეროვნული ინსტრუქტორისგან მნიშვნელოვანი ლექცია მოისმინეს. რიჩარდ სტოკსმა როგორც საკალათბურთო წესებზე, ისე მსაჯებთან მწვრთნელის ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის ლექციებმა უფრო მეტ ხანს გასტანა. სერბი სპეციალისტი შეეხო ძალიან ბევრ დეტალს, რომელიც მწვრთნელობას, ვარჯიშების დაგეგმვასა და მათ წაყვანას ეხება. ქართველმა მწვრთნელებმა ჯიკიჩს ბევრი კითხვა დაუსვეს, რაზეც ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცმა კომპეტენტური პასუხები გასცა.
29 მაისს კლინიკაში ნენად ტრუნიჩი ჩაერთვება, რომლის უშუალო სპეციალობა მწვრთნელთა პროფესიული გაზრდა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა. ტრუნიჩი, რომელიც საქართველოს პირველად სწორედ აღნიშნული სამწვრთნელო კლინიკის ფარგლებში, ფიბა-ს მოწვევით ესტუმრა, 2011 წლიდან ფიბა-ევროპის სამწვრთნელო კლინიკის (FECC) ლექტორია, ხოლო 2013 წლიდან ის ფიბა-ს მწვრთნელთა სასერტიფიკატო პროგრამის მომხსენებელი გახლავთ. მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტი სხვადასხვა დროს სერბეთის ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა, 2021 წლიდან კი ის სერბეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, სვეტისლავ პეშიჩმა თავის ასისტენტად მიიწვია.
გარდა პრაქტიკული საკალათბურთო საქმიანობისა, ტრუნიჩი უკვე მრავალი წელია, ტრუნიჩი აქტიურ სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა. იგი იკვლევს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: კალათბურთის თეორია და მეთოდოლოგია, საკალათბურთო პედაგოგიური სწავლებები, ტაქტიკისა და ტექნიკის მეთოდოლოგია ახალგაზრდულ სპორტში, ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარება და ვარჯიშების პრიორიტეტების განსაზღვრა. არაერთი სამეცნიერო კვლევის ავტორი სერბი მწვრთნელი, ქართველ კოლეგებთან სროლის ტექნიკასა და მეთოდოლოგიებზე, ჩქარი შეტევების წესებსა და ვარჯიშებზე, საკალათბურთო უნარებისა და სპეციფიკური ფიზიკური მომზადების კავშირებზე, ახალგაზრდულ კალათბურთში ვარჯიშების დაგეგმვაზე, მოთამაშეებში გადაწყვეტილების უნარის გაუმჯობესებაზე, საუკეთესო გამთამაშებლის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ სპეციფიუკურ ვარჯიშებზე ისაუბრებს.
29 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში სემინარები 10:00 საათიდან დაიწყება.