ოლიმპმა მარგვეთს ბრძოლაში მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა

ოლიმპმა მარგვეთს ბრძოლაში მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა

ლიდერი კვლავ შეიცვალა. რუსთავი ცხრილის სათავეში სამიოდ საათი იმყოფებოდა, რის შემდეგაც დასრულდა ოლიმპისა და მარგვეთის შეხვედრა და დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა ლიდერობა დაიბრუნეს. თუმცა გამარჯვება იოლად არ მოსულა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა მარგვეთმა ლიდერს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ცოტაც რომ გამართლებოდა, მოიგებდა. საბოლოოდ კი გამარჯვება ოლიმპს დარჩა – 98:91 (სტატისტიკა).

არადა, თამაში ოლიმპის დიდი უპირატესობით დაიწყო. როგავას გუნდმა პირველი პერიოდი 30:17 მოიგო, მაგრამ მეორე ათწუთეულიდან მარგვეთელებმა სამიზნე გაისწორეს, დაცვაში თამაში გამოაკეთეს და შედეგიც მოიმკეს. 31:22 მოგებული მეორე ათწუთეულის შემდეგ ოლიმპის ლიდერობიდან 4 ქულა დარჩა. 

დიდი შესვენების შემდეგ მარგვეთმა შედეგიანი თამაში განაგრძო, რაც უმეტესად შორი სროლებით გამოიხატა და მალე მდევრის როლში მყოფი გუნდი გალიდერდა. რონი როზიეს, ზაკ უოლტონისა და ნიკა ჩეჩელაშვილის შედეგიანობით მარგვეთმა ლიდერობა მოიპოვა წინ 8 ქულით გაიჭრა. ოლიმპის მწვრთნელს წუთშესვენების აღება და თავისი გუნდის თამაშში კარდინალური ცვლილებების გატარება მოუხდა. მედგარი დაცვით ოლიმპმა მარგვეთის მოთამაშეებს სამქულიანების სროლა შეუზღუდა, ხოლო თავად როგორც შორ, ისე ახლო სროლებს აგდებდა და ბოლო პერიოდში ლიდერობაც დაიბრუნა.

გივი ბაქრაძის გონივრული თამაშითა და ლინტონ ესლაისის შედეგიანობით ოლიმპმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა, რომელიც ბოლო წამებამდე შეინარჩუნა და აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა. 30 ქულით მოგებულ გუნდში საუკეთესო ესლაისი იყო.  14 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა ლუკა კალატოზიშვილი. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 18 ქულა და 9 პასი დაგროვდა. მარგვეთში საუკეთესო შედეგი მარქუს გილსონმა დააფიქსირა 19 ქულითა და 15 მოხსნით. რონი როზიეს ანგარიშზე 21 ქულა და 6 პასი დაგროვდა.