ოლიმპმა პლეი ოფი მოგებით დაიწყო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ოლიმპმა პლეი ოფი მოგებით დაიწყო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სუპერლიგის პლეი ოფი სპორტკომპლექს “არენაში“  „ოლიმპისა“ და თსუ-ს მატჩით დაიწყო. 

რეგულარული ჩემპიონატის
გამარჯვებულმა ოლიმპელებმა ზედმეტი გართულების გარეშე მოუგეს სტუდენტებს და სერიაში
1:0 დაწინაურდნენ.მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება და თუკი
„ოლიმპი“ 25 აპრილსაც მოუგებს თსუ-ს, ნახევარფინალში გავა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს,
ის გია კაზანჯიანის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. ლეგიონერებით გაძლიერებული
ოლიმპელები მესამე წუთისთვის 10:0 იგებდნენ, რის შემდეგაც ანგარიშში სხვაობა 10 ქულაზე
ნაკლები არ ყოფილა.

 „ოლიმპის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა ამერიკელმა
ლეგიონერმა დარენ მორმა, რომელიც კაზანჯიანის გუნდს 3 დღის წინ შეუერთდა. მორმა შეხვედრა
9 ქულით დაასრულა, ხოლო ოლიმპელთაგან საუკეთესო 16 ქულის და 15 მოხსნის მომგროვებელი
სტეფან მილოშევიჩი იყო. ორმაგი დუბლი მიითვალა ლიტველმა მარტინას ანდრიუკაიტისმა, რომელმაც
პირად ანგარიშზე 14 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. დამარცხებულთაგან 13-13 ქულა ჰქონდათ
გივი ბაქრაძესა და ვასილ ბერუაშვილს, ხოლო თსუ-ში ერთადერთი ორმაგი დუბლი – 12 ქულა
და 11 მოხსნა – კოტდივუარელმა სერჟ ასელაინმა მოაგროვა.

 ამ გუნდებს შორის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი
25 აპრილს, სპორტკომპლექს „არენაში“, 16 საათზე გაიმართება.
ოლიმპი – თსუ 99:64
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი(ოლიმპი):
ჩვენი გუნდისთვის ეს დაგეგმილი მოგება იყო, ერთადერთი რაც არ მომწონს ამ თამაშში
19 დაკარგვაა, რომელიც მომავალში ხელს შეგვიშლის. ამ მხრივ ბევრი გვაქვს სამუშაო.

გიორგი ჩხეიძე
(თსუ): ვულოცავ ოლიმპს მოგებას, ვიცოდით რომ ასეთ მეტოქესთან
თამაშს ვერ მოვიგებდით, უბრალოდ არ გვინდოდა დიდი ანგარიშით დამარცხება.

ირაკლი გულისაბედაშვილი
(ოლიმპი): კარგია რომ მოვიგეთ,დაკარგვა მართლა ბევრი გვქონდა,
ვეცდებით გამოვასწოროთ.

გივი ბაქრაძე
(თსუ): შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით, ვეცდებით შედეგი
გავაუმჯობესოთ.