ოლიმპმა რუსთავი ბოლოს გატეხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ოლიმპმა რუსთავი ბოლოს გატეხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „ოლიმპმა“ 84:72 დაამარცხა
„რუსთავი“. რუსთაველებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ბოლო წუთებში
წარმატების მისაღწევად ძალა აღარ ეყოთ.

სანამ ოლიმპელები თამაშს დაალაგებდნენ, რუსთაველებმა
დაწინაურება მოახერხეს. კაილი ნელსონისა და ნეით ბოუის აქტიურობით სტუმრები 19:11 დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ
დროში გია კაზანჯიანის გუნდმა შედეგიანობას უმატა და პირველ შესვენებაზე 3-ქულიანი
უპირატესობით გავიდა – 24:21.

მეორე ათწუთეულში ოლიმპელებმა ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს
და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდის მესამე წუთზე თბილისელთა
უპირატესობა 15 ქულამდე გაიზარდა. მარტინას ანდრიუკაიტისის საჯარიმოების შემდეგ ანგარიში
54:39 გახდა, თუმცა რუსთაველებმა ძალები მოიკრიბეს, რამდენიმე სამქულიანი ჩააგდეს,
მეტოქეს კი კარგი დაცვის ხარჯზე არ ჩააგდებინეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ჩამორჩენა
მინიმუმამდე შეამცირეს – 61:62.

ბოლო პერიოდში „ოლიმპის“ კალათბურთელებს თითქოს მეორე
სუნთქვა გაეხსნათ. თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო, თუმცა
თბილისელებმა დარჩენილ დროში იმდენად შედეგიანად ითამაშეს, რომ რუსთაველებისთვის წარმატების
შანსი აღარ მიუციათ. 

„ოლიმპში“ 20 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო სერბი
ცენტრი სტევან მილოშევიჩი გახლდათ, ორმაგი დუბლი შეასრულა ლევან ფაცაცაიამაც – 16 ქულა,
10 პასი. რუსთაველთაგან ორმაგი დუბლის ავტორი კაილი ნელსონი გახდა – 19 ქულა, 10 მოხსნა.
მისმა თანამემამულე ნეით ბოუიმ კი შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
გია კაზანჯიანი(ოლიმპი): მადლობა ჩემს გუნდს ასეთი კარგი თამაშისთვის. ბიჭებმა იბრძოლეს და გუნდმა თავისი ძალა გამოაჩინა. მილოშევიჩი ჯერჯერობით ისევ არ იმყოფება თავის ოპტიმალურ ფორმაში. მინდა აღვნიშნო ფაცაციას, ანტიუკაიტისის და ბერიშვილის ბევრად უკეთესი თამაში წინა ტურთან შედარებით. 
მიხეილ ბერუაშვილი(რუსთავი): მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. რაც შეგვეხება ჩვენ, სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. ვფიქრობ, ეს თამაში პლეი ოფისთვის მოსამზადებლად გამოგვადგება.
მარტინას ანდრიუკაიტისი(ოლიმპი): ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. მიხარია, რომ ყველაფერი გამოვიდა და მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ.
ოლიმპი – რუსთავი  84:72