ოლიმპმა სოხუმი დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტრები)

ოლიმპმა სოხუმი დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტრები)

მეორე წრის პირველი ტური „ოლიმპისა“ და „სოხუმის“ მატჩით
დასრულდა. სუპერლიგის ლიდერმა სპორტის სამინისტროს გუნდმა ერთ-ერთი აუტსაიდერი 13 ქულის
სხვაობით – 82:69 დაამარცხა.

სოხუმელებს მებრძოლი გუნდი ჰყავთ და თითქმის ყველა მეტოქეს
პრობლემებს უქმნიან. გია კაზანჯიანის გუნდს კი „სოხუმმა“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა პირველი მეოთხედი 5:24 დათმეს, შემდეგ კი
მთელი თამაშის განმავლობაში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას ცდილობდნენ.

ანგარიშში სხვაობა ბოლო მეოთხედამდე 15-20 ქულას შორის
მერყეობდა. დაწინაურებული ოლიმპელები მეტოქეს წამოწევის საშუალებას არ აძლევდნენ. სპორტის
სამინისტროს გუნდში განსაკუთრებულად არავინ გამოირჩეოდა. „ოლიმპი“ გუნდურად თამაშობდა,
რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ ხუთმა კალათბურთელმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია.

მაქსიმალური მონდომების ხარჯზე სოხუმელებმა ბოლო პერიოდში
ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს. გრიგოლ შვანგირაძის სამქულიანისა და ირაკლი ჩლაიძის
საჯარიმოს შემდეგ, როცა მატჩის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, „სოხუმი“მეტოქეს 57:67
მიუახლოვდა, თუმცა ოლიმპელებმა მომდევნო წუთნახევარში უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს
და გამარჯვება გაინაღდეს.

როგორც აღვნიშნეთ, „ოლიმპში“ 5-მა კალათბურთელმა
10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან 16 ქულით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი გახლდათ.
14 ქულა მოაგროვა ესტონელმა სტენ სოკმა, ხოლო 13-13 მოინაგრეს მიხეილ ბერიშვილმა და
ლევან ფაცაციამ. სოხუმელებს ტრადიციულად ირაკლი ჩლაიძემ ულიდერმა. სუპერლიგის ბომბარდირმა
ამჯერად 20 ქულა ჩააგდო, რაც მის საშუალო მონაგარზე ოდნავ ცოტაა. ორმაგი დუბლით დაასრულა
შეხვედრა სერგო ათუაშვილმა, რომელმაც 16 ქულასა და 13 მოხსნას 4 დაფარებაც მიაბა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კომენტარი სოხუმის
კლუბის პრეზიდენტმა, მინდია გულუამ გააკეთა, რომელიც სუპერლიგის მეორე წრის დასკვნით
შეხვედრას (სოხუმი – ოლიმპი)   დაესწრო.

მინდია გულუა
(სოხუმის კლუბის პრეზიდენტი): მოხარული ვარ რომ მომეცა საშუალება
და  დღევანდელ მატჩსა და პრესკონფერენციას დავესწარი.
მსურს ოლიმპს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო, ჩვენ კი ალბათ გავაუმჯობესებთ შედეგს.
ჩვენი პრიორიტეტი იყო ის, რომ ქართველი კალათბურთელებით დაგვეკომპლექტებინა გუნდი.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, კმაყოფილი ვარ და 
დიდი სიამოვნება მივიღე  სანახაობრივი
თამაშით. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ერთად  რამდენიმე  თემა განვიხილეთ. დაზუსტებით შემიძლიათ გიხრათ რომ მომავალ წელს ოლიმპის გუნდი კერძო იქნება და  არა სახელმწიფო, რაც ქართული კალათბურთის განვითარებას დიდად შეუწყობს  ხელს. აგრეთვე ვისაუბრეთ ახალი სპორტული ბაზის მშენებლობაზე და ეს საკითხიც  დადებითად გადაწყდა.  გპირდებით გარკვეულ სიურპრიზს, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს გუნდს უკავშირდება.

გია კაზანჯიანი
(ოლიმპი): ,,სოხუმთან“ 
თამაში  რთულია, რადგან რა  ანგარიშითაც არ უნდა უგებდე, სხვაობის შემცირებას
მაინც ახერხებენ. გუნდში ტრავმიანობა გვქონდა, თუმცა დღვანდელი თამაშით მაინც კმაყოფილი
ვარ. ვაგრძელებთ ვარჯიშს და ვემზადებით მორიგი შეხვედრებისთვის.

 ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი):
,,ოლიმპი“ სოლიდური გუნდია, რომელსაც ძლიერი კალათბურთელები ჰყავს. ჩვენმა ბიჭებმა
იომეს, მაგრამ  ბევრი ხარვეზი გვქონდა. იმედია
სასურველ შედეგს ვაჩვნებთ.

სტენ სოკი (ოლიმპი):
მადლობა მეტოქეს ასეთი კარგი თამაშისთვის. მიუხედავად გამარჯვებისა, გვქონდა გარკვეული
შეცდომები. მადლობა ჩემს გუნდსა და თანაგუნდელებს.

რატი ბააკაშვილი
(სოხუმი): პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ მინდია  გულუას, რომელიც სამი წლის  განმავლობაში ჩვენი გუნდის გვერდითაა. რაც შეეხება
დღევანდელ მატჩს, ოლიმპი ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატია, რომელთანაც ბოლომდე ვიბრძოლეთ
და მაქსიმუმი გავიღეთ.

თსუ – დინამო 60:68  
თსსუ – ქუთაისი 70:91