ოლიმპმა, ტიტებმა და ვერამ გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ

ოლიმპმა, ტიტებმა და ვერამ გაიმარჯვეს და ცხრილში დაწინაურდნენ

სუპერლიგის გუშინ დაწყებული მე-12 ტური დღეს დასრულდა. 2 მატჩი თბილისში, ხოლო ერთიც – ქუთაისში გაიმართა. სამივე მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა, თუმცა ყველაზე დაძაბული შეხვედრა იმერეთში გაიმართა.

ქუთაისმა ვერას უმასპინძლა. მატჩი თბილისური კლუბის გამარჯვებით – 88:84 (სტატისტიკა) დასრულდა. საწყისმა სამმა პერიოდმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ხან ერთი გუნდი ლიდერობდა, ხანაც მეორე, ბოლო პერიოდის წინ კი თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა – 67:67. გივი ბაქრაძისა და ბრენდონ სლაის ლიდერობით ვერელებმა ბოლო პერიოდში 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ქუთაისელები არ გატყდნენ და პრესინგის გამოყენებითა და ჯეჟან რაითის მიჯრით მითვლილი 5 ქულის შემდეგ, ბოლო წუთზე ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 84:85.

მასპინძელთა ტაქტიკური ჯარიმა მაიკ ჰიუზმა 2 ქულად აქცია და ვერელები 3 ქულით გაალიდერა. ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ჯეიმს მილიკენმა გამთანაბრებელი სამქულიანი ააცილა. ჰიუზმა ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და ვერელები მიუწვდომელი გახადა.

26 ქულით ვერელთაგან ბომბარდირი ბრენდონ სლაი გახდა. 25 ქულა და 6 პასით გივი ბაქრაძე გამოირჩა. 15 ქულა, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა მაიკ ჰიუზის ანგარიშზეა. ქუთაისეთაგან 23 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით ბექა ბექაური გამოირჩა. 24 ქულა ჯეიმს მილიკენის ანგარიშზე დაგროვდა. ამ გამარჯვებით ვერელებმა ქუთაისელებს ცხრილში ქულით გადაასწრეს და 6 მოგებითა და 5 მარცხით ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან. 

თბილისში გამართული მატჩებიდან თავდაპირველი დინამოსა და ოლიმპის დაპირისპირება იყო. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა თამაში მძლავრად დაიწყეს და პირველი პერიოდის 22:14 მოგების შემდეგ, შედეგიანი თამაში მეორეშიც გააგრძელეს და დიდი შესვენებისთვის 19 ქულით გალიდერდნენ.

დინამო იოლად არ დანებდა. მესამე ათწუთეულში თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედის დასაწყისში ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენდა და სავარაუდოდ, დაძაბული ფინალიც გველოდა, მაგრამ არა – ოლიმპმა შეძლო მობილიზება და თამაში ისე დაასრულა, დინამოელებისთვის შანსი აღარ მიუცია – 91:77 (სტატისტიკა)

ოლიმპში 29 ქულით საუკეთესო იყო დევიონ ტერნერი. 15 ქულა კორი ჰოლდენმა დააგროვა, ხოლო 14 – აკიეან ფრედერიკმა. დინამოელთაგან 28 ქულით ლუკა ბულაშვილი გამოირჩა. 17 ქულა დაგროვდა ტაილერ უილიამსის ანგარიშზე.

გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო ოლიმპიელთა კაპიტანმა რეზო როგავამ, რომელმაც მართალია, 2 ქულა ჩააგდო, თუმცა მინიმუმ 30 ქულის მომტანი 14 პასი გაიღო. ეს მიმდინარე სეზონის რეკორდია და უთანაბრდება ბოლო 3 წლის საუკეთესო შედეგს, რომელიც შარშან ბათუმში მოთამაშე კეისი შეპარდმა გამოაცხო.

 ოლიმპმა სუპერლიგის მე-12 მატჩში მე-7 გამარჯვება მოიპოვა და ბათუმთან ერთად ლიდერ თსუ-ს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ბოლო შეხვედრაში ცხუმ-აფხაზეთი და ტიტები დაუპირისპირდნენ. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი ტიტები თითქმის მთელი საწყისი 3 პერიოდი აგებდა, თუმცა დასკვნით 7 წუთში გუნდის სნაიპერებმა ისეთი მიზანი გამოავლინეს, რომ სამობოლოდ 16 ქულით – 78:62 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. შეხვედრის 38-ე  წუთზე ლიუკ მეიერმა 3 სამქულიანი ჩააგდო, რითაც ცხუმ-აფაზეთის წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხა. 

მეიერს ანგარიშზე საბოლოოდ 24 ქულა დაგროვდა. 15 ქულა კორი სპენსერმა მიითვალა, ხოლო საერთო სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო იყო ნიკა მეტრეველი – 8 ქულა, 12 მოხსნა. ცხუმ-აფხაზეთში 10 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთსო იყო ზუკა მაჩალაძე, ბომბარდირი კი 17 ქულით გიორგი შარაბიძე გახდა.

სუპერლიგის მორიგი, მე-13 ტური 7, 8 და 9 თებერვალს გაიმართება.