ორბი ამრას დაეწია, თსუ-მ კი 7-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა

ორბი ამრას დაეწია, თსუ-მ კი 7-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა

დღეს, 3 მატჩით დასრულდა სუპერლიგის მე-17 ტური, რის შემდეგაც ცხრილში საინტერესო ცვლილებები მოხდა. დავიწყოთ თანმიმდევრობით: თბილისი არენაზე გამართულ პირველ შეხვედრაში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები: სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი ტყიბულის “ორბი” და მასზე 3 მოგებით წინ მყოფი “რაში” შეხვდნენ. ორბი ის გუნდია, რომელმაც ბოლო 3 მატჩში 2 მოიგო, რის შემდეგაც, გასულ ტურში ლიდერ ქუთაისთან დამარცხდა. ტყიბულელები ბოლო შანსს ებღაუჭებიან და ეს ჯერჯერობით კარგად გამოსდით.

ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი ორბი თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა, მაგრამ ბოლო წუთებში შესაშური ბრძოლისუნარიანობა და სიზუსტე გამოავლინა, რის ხარჯზეც დიდად მოტივირებული რაში 104:95 (სტატისტიკა) დაამარცხა. მატჩის გმირი იყო ტყიბულის გუნდის ყველა მოთამაშე, თუმცა განსაკუთრებით რიკი კლემონსი გამოირჩა, რომელმაც 31 ქულა მიითვალა. კლემონსმა 6 საჯარიმო ააცილა, მთლიანად ორბმა – 16. რაშმა 6 სამქულიანით მეტი ჩაუგდო ორბს, თუმცა სამწამიანში იმხელა უპირატესობა ჰქონდათ ტყიბულელებს, რომ გასამარჯვებლად ეყოთ. 

ორბმა მე-5 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა გაგრის “ამრას”, რომელიც დღეს გორში “ივერიონს” დაუპირისპირდა. ეს მატჩი მიმდინარე სუპერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად საინტერესო იყო, რომელშიც დაძაბულობა არ ყოფილა. მასპინძლებმა თავიდანვე ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს, რომელსაც განუხრელად ზრდიდნენ, სანამ 30 ქულას არ გადააბიჯეს. ბოლო 5 წუთში ორივე გუნდმა სათადარიგოები შეუშვა მოედანზე, რადგან თამაშის ბედი გარკვეული იყო.

საბოლოოდ ივერიონმა 96:71 (სტატისტიკა) იმარჯვა და პირველობა დაიბრუნა, თუმცა გორელებს დაკარგული ქულებით “ქუთაისი” და ვსა უსწრებს. რაც შეეხება ამრას, დეიან პროკიჩის გაწვრთნილ გუნდს დარჩა 5 მოგება, ზუსტად იმდენი, რამდენიც ორბს და ეს ნიშნავს, რომ დარჩენილ მატჩებში ამ გუნდებს სუპელრიგაში დასარჩენად დიდი ბრძოლა ელით. სახიფათო ზონაშია კსუ-ც, რომელსაც აუტსაიდერ ამრასა და ორბზე ერთით მეტი გამარჯვება აქვს.

და დღის მესამე მატჩი, რომელშიც თსუ-მ 7-მატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისი არენაზე “ბათუმს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 80:75 (სტატისტიკა) დაამარცხა. თსუ-ს აკლდა ტრავმირებული ოთარ ფხაკაძე, თუმცა გუნდს დაუბრუნდა გამოცდილი უკანახაზელი, გიორგი ცინცაძე, რომელმაც გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო. არასრულ 34 წუთში ცინცაძემ 21 ქულა და 11 პასი მიითვალა. 21 ქულა ჰქონდა დევონტრე ტომასსაც, საუკეთესო შედეგიანობა კი ალექსანდრე ფევაძემ გამოავლინა – 17 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 4 მოხსნა.

სუპერლიგის მორიგი, XIX ტური 21, 22 და 23 მარტს გაიმართება.