ორბის გმირული გამარჯვება ასტრალთან – ბოლო 50 წამში ჩაგდებული 10 ქულა

ორბის გმირული გამარჯვება ასტრალთან – ბოლო 50 წამში ჩაგდებული 10 ქულა

სენსაციის ტოლფასი ამბავი მოხდა “ა” ლიგის მორიგი ტურის მატჩში, რომელშიც გათამაშების ლიდერმა, ტყიბულის “ორბმა” 86:84 (სტატისტიკა) დაამარცა “ასტრალი”. მატჩის ბოლო წუთზე, როცა საფინალო სირენამდე 50 წამი იყო დარჩენილი, ასტრალი 5 ქულით – 81:76 იგებდა და მისი წევრი, ნუგზარ ბოჭორიშვილი საჯარიმოებს ესროდა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ორბმა გაიმარჯვა.

ყველაფერი კი ასე მოხდა: ბოჭორიშვილმა ორივე საჯარიმო ააცილა, ხოლო ორბის ამერიკელმა უკანახაზელმა, კენი კუპერმა დასრულებამდე 45 წამით ადრე სამქულიანით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ასტრალელებმა შეუტიეს და მელვინ ნიუბერნმა საშუალო მანძილიდან ააცილა, თუმცა ბურთი თავადვე მოხსნა და მასზე ტყიბულელები დაჯარიმდნენ. ასტრალის ლეგიონერმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და დასრულებამდე 28 წამით ადრე თბილისური გუნდი 4 ქულით – 83:79 დაწინაურდა.

ორბის მთავარმა მწვრთნელმა, ირაკლი ტომარაძემ წუთშესვენება აიღო და მოედანზე დაბრუნებულმა ტყიბულელებმა სწრაფი ორქულიანი ჩააგდეს. მიხეილ ჭოჭუამ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 81:83. დასრულებამდე 21 წამი რჩებოდა, ამიტომაც ორბის კალათბურთელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და გაუმართლათ: კვენდო ჰაბვემ მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო და 3 ქულით ჩამორჩენილს ორბს მორიგ შეტევაში გათანაბრების შანსი მიეცა, რომელიც ზუსტი სამქულიანით გამოიყენა დემარკუს ეიდიმ – 84:84 საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე. 

ბოლო შეტევა ასტრალის იყო და ამით უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა შედეგიანი შეტევის ნაცვლად მელვინ ნიუბერნმა ბურთი დაკარგა, რომელიც ლევან ლოლიშვილმა ჩაჭრა და შეტევაში დაძრულ დემარკუს ეიდის გადააწოდა. ამ უკანასკნელმა საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო. 

ამ გამარჯვებით ორბმა პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ბოლო ტურში გამოვლინდება. ერთმანეთს ორბი და გთუნი შეხვდებიან და ამ მატჩში ორბმა თუ 10 ქულაზე მეტით არ წააგო, პირველ ადგილზე გავა. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ორბმა სწორედ 10 ქულით მოუგო გთუნის.

რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი სოლიდური უპირატესობა იქნება ნებისმიერი გუნდისთვის, რადგან პლეი ოფში 2 რეგიონის გუნდია და საშინაო მატჩებს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ორბი საშინაო მატჩებს ტყიბულში ჩაატარებს, ივერიონი კი – გორში. ამ გუნდების კონკურენტები კი – გთუნი და ასტრალი შეხვედრებს თბილისში მიიღებს. აქედან გამომდინარე, რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ მატჩებს პლეიოფგანაღდებული ოთხივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

დღესვე გამართულ “ა” ლიგის მეორე მატჩში გთუნიმ 22 ქულით – 92:70 (სტატისტიკა) დაამარცხა დინამო და ტყიბულში, 17 მარტს გადაწყდება, “ა” ლიგის რეგულარულს გთუნი მოიგებს თუ ორბი. 

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში რეგულარული ჩემპიონატის 4 საუკეთესო გადის. პირველზე გასული მეოთხეს შეხვდება, მეორე – მესამეს.  ნახევარფინალები 2 მოგებამდეა, ხოლო ფინალი – სამამდე. გამარჯვებული გუნდი სუპერლიგის საგზურს მიიღებს.