30 ოქტომბერს ფიბა-ს მიერ ორგანიზებული საკლუბო ტურნირების მორიგი ტური ტარდება. საქმეშია ფიბა-ს ლიცენზიის მქონე სამივე მოქმედი მსაჯი და ერთი კომისარი. მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური ფიბა ევროპის თასის სხვადასხვა მატჩებზე – შესაბამისად კვიპროსსა და პოლონეთში იმსაჯებენ, ხოლო არბიტრი მარინა შალამბერიძე და კომისარი მერაბ რატიშვილი ქალთა ევროპის თასის მატჩზე, რუმინეთში იმუშავებენ.
აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში შედგება შალამბერიძის დებიუტი ფიბა-ს საკლუბო ტურნირში. აქამდე, მარინა შალამბერიძეს ფიბა-ს მხოლოდ სანაკრებო მატჩებზე – ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირსა და სხვადასხვა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატებზე უმუშავია, ხოლო კონსტანცა (რუმინეთი) – პელი კარჰუს (ფინეთი) დაპირისპირება იქნება პირველი საკლუბო ტურნირის მატჩი, რომელსაც იგი მოემსახურება. მისასალმებელია, რომ შალამბერიძეს საკლუბო დებიუტის დროს გვერდში ეყოლება მერაბ რატიშვილი, ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას კომისრის რანგში მოემსახურება.
რაც შეეხებათ მიხეილ ვართანოვსა და კირილე თვაურს, მათ ფიბა ევროპის თასის საკმაოდ პრინციპული მატჩების მომსახურება მოუწევთ. ვართანოვი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოსიაში კერავნოსისა და თურქული თოფაშის ჯახს იმსაჯებს, ხოლო თვაური პოლონეთის ქალაქ სტარგარდში სპოინიისა და რუმინული ორადეას მატჩზე იმუშავებს.
მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)
30 ოქტომბერი. ნიქოზია (კვიპროსი). ფიბა ევროპის თასი
კერავნოსი (ნიქოზია, კვიპროსი) – თოფაში (ბურსა, თურქეთი)
კირილე თვაური (მსაჯი)
30 ოქტომბერი. სტარგარდი (პოლონეთი). ფიბა ევროპის თასი
სპოინია (სტარგარდი, პოლონეთი) – ორადეა (რუმინეთი)
მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
30 ოქტომბერი. კონსტანცა (რუმინეთი). ქალთა ევროპის თასი
კონსტანცა (რუმინეთი) – პელი კარჰუ (კოტკა, ფინეთი)
მერაბ რატიშვილი (კომისარი)
30 ოქტომბერი. კონსტანცა (რუმინეთი). ქალთა ევროპის თასი
კონსტანცა (რუმინეთი) – პელი კარჰუ (კოტკა, ფინეთი)