შვეიცარიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ ჩვენი ჯგუფი შეაფასა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა:
– საქართველოს ნაკრების ბოლო წლების შედეგებიდან და პოტენციალიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელეწიფება პირველად, ისტორიაში მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე.
რაც შეეხება წილისყრის შედეგებს, ვფიქრობ, ნორმალური ჯგუფი შეგვხვდა. ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტ 2022-ზეც ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება. ამ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება წარმატებაზე ფიქრი…
– უკრაინელებთან ძველი ნაცნობობა და მეგობრობა გვაკავშირებს. მწარე დამარცხებაც გვახსოვს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე, რომლის გამო საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა. უკრაინასთან მოგებაზე შინაც ვფიქრობთ და სტუმრადაც. ჩრდილოეთ მაკედონია კი არ არის იმ კალიბრის გუნდი, რომელთანაც მოგება არ შეეძლება ჩვენს ნაკრებს.
– ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის. თუ გავიხსენებთ წინა მსოფლიოს შესარჩევს, მომდევნო ეტაპზე გავედით, მაგრამ იმდენად ცუდი შედეგით, რომ იქ უკვე შანსი არ გვქონდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი სამი ფანჯრისას მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ და ჩვენთან ერთად გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულები მეორე ეტაპზეც გავიყოლოთ.
დიდი ალბათობით, ჩვენგან გასული გუნდები შეხვდებიან იტალიის, რუსეთის, ისლანდიისა და ნიდერლანდების ჯგუფის სამ საუკეთესოს. მათთან მატჩების წინ მაქსიმალურად მეტი ქულით უნდა ვიყოთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვქონდეს.
ასე რომ, წილისყრის შედეგებით უკმაყოფილოები არ ვართ. ჩვენი მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი, არამედ მსოფლიოს შესარჩევი ეტაპია. იმედი მაქვს, პირველად ჩვენი კალათბურთის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.