პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საჭირო ფინანსური ვალდებულება დროულად შესრულდება

პაატა გურასპაული: ევრობასკეტის მასპინძლობისთვის საჭირო ფინანსური ვალდებულება დროულად შესრულდება

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ორიოდე დღის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც მონაწილეობა მიიღო ფიბა-ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაში. შეგახსენებთ, რომ იგი სწორედ ამ კომიტეტის წევრია.

ჩვენი ფედერაციის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბატონმა პაატამ სხდომის დეტალებზე ილაპარაკა. ერთ-ერთი მთავარი თემა ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნების მზადების პროცესი იყო.

ისიც ითქვა, რომ იმ ოთხ ქვეყანას, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღეს, პირველ ეტაპზე ფიბა-ში შესატანი აქვთ გარკვეული თანხა. ფიბა-ევროპის ხელმძღვანელემა გერმანიის, საქართველოს, ჩეხეთისა და იტალიის წარმომადგენლებს მოსთხოვეს წარმოედგინათ დეტალები მასპინძლობისთვის მზადების შესახებ.

– ჯერ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების განმარტება მოისმინეს, ჩვენი რიგი რომ მოვიდა, ვუთხარი, რომ მშენებლობა დაიწყება ამ წელს, რაც შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. გვკითხეს ფინანსურ ვალდებულებებზე. ვუპასუხე – დარწმუნებით გეუბნებით, რომ ისევე როგორც სხვა საკითხები, ფინანსური ვალდებულებაც დროულად, პირნათლად შესრულდება. სახელმწიფომ თანხა გამოყო და დათქმულ ვადამდე, 5 ნოემბრამდე შესაბამის ანგარიშზე ჩაირიცხება.

შეკითხვა, რომელიც ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაუსვა, ქართველი მკითხველისთვისაც აქტუალურია – როდის დაიწყება დარბაზის მშენებლობა და მოესწრება 2021 წლის ზაფხულამდე?

– ამ ეტაპზე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. კომპანია, რომელიც ხელს მოჰკიდებს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას, ცხადია, მოგვცემს გარანტიას, რომ არენა დათქმულ დროს ჩაგვბარდება, – გვითხრა პაატა გურასპაულმა.

ასე და ამგვარად, პირველი ნაბიჯი ევრობასკეტის მასპინძლობის უფლების მოპოვება იყო, – მოვიპოვეთ.
მეორე ნაბიჯი ფინანსური ვალდებულებაა, – დედლაინამდე შესრულდება.
ველით მესამეს – სამშენებლო სამუშაოების დაწყებას…