კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა 23 დეკემბერს, სასტუმრო Holiday Inn-ში ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და გასული წელი შეაჯამა.
რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა ქართულ კალათბურთში მიმდინარე პროექტებს, გაწეულ საქმიანობას და მომავალ ღონისძიებებს ეხებოდა. პრეზიდენტმა მედიასთან პერმანენტული შეხვედრები ჯერ კიდევ გასულ წელს პირველ შეხვედრაზე დააანონსა და ჟურნალისტებთან მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების, კალათბურთში მიმდინარე პროცესებზე აქტიური მსჯელობის მზადყოფნა გამოთქვა.
მედიასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დამსწრეებმა დასვეს მრავალი აქტუალური კითხვა, რომლებმაც ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი თემები თითქმის სრულად მოიცვა. ფედერაციის პრეზიდენტმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა და ჟურნალისტებთან მომავალში კიდევ უფრო ხშირ და აქტიურ კომუნიკაციაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრამდე პაატა გურასპაულმა ვეტერან კალათბურთელს და დამსახურებულ მწვრთნელს – გია მიქაძეს 85 წლის იუბილე მიულოცა. სიმბოლურია, რომ გია მიქაძეს იუბილე 15 ივლისს შეუსრულდა, როდესაც გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე საქართველოს 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება მიენიჭა. ფედერაციის პრეზიდენტმა გია მიქაძეს ევრობასკეტის საკონკურსო ლოგოს გამოსახულებით ეროვნული ნაკრების მაისური და სიგელი გადასცა.
ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებს დამდეგი 2020 წელი მიულოცა და გია მიქაძესთან ერთად საზეიმოდ ტორტიც გაჭრა. ღონისძიება სამახსოვრო ფოტოების გადაღებით და საზეიმო ფურშეტით დასრულდა.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი