“პანათინაიკოსმა” მოსკოვში ზღაპრული მატჩი მოიგო

ძალიან იშვიათად რომ ხდება ხოლმე, ისეთი რამ მოხდა მოსკოვში ამ საღამოს და ამ ყველაფერში ქართველი გიორგი შერმადინიც მონაწილეობდა. წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი „ხიმკი“ – „პანათინაიკოსის“ მატჩის დასრულებამდე, მასპინძლები კი 7 ქულით იგებდნენ, თუმცა ათენურმა კლუბმა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრება შესძლო და დამატებით დროში 87:82 გაიმარჯვა.
როცა კარლოს კაბეზასმა მორიგი ორქულიანით ანგარიში 70:63 გახადა, „ხიმკის“ ქომაგები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ, რაკი თამაშის დასრულებამდე 2 წუთზე ნაკლები რჩებოდა. მომდევნო ერთი წუთის განმავლობაში ათენელებმა მიყოლებით მიითვალეს 7 ქულა, თუმცა მოსკოველებმაც მოახერხეს ერთი ბურთის ჩაგდება და საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე „ხიმკი“ 72:70 იგებდა.
„პანათინაიკოსმა“ ტაქტიკური ჯარიმა აიღო რაულ ლოპესზე, რომელმაც ორიდან 1 საჯარიმო ჩააგდო და „ხიმკი“ 3 ქულით გაალიდერა. ათენელები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ მოსკოველებმა ხერხი იხმარეს და სამქულიანის სროლამდე საქმე არ მიაყვანინეს მეტოქეს – დაჯარიმდნენ და ვასილის სპანულისი ორი სროლის შესასრულებლად მოემზადა. თამაშის დასრულებამდე 2 წამი რჩებოდა და ორივე საჯარიმოს ჩაგდებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომაც სპანულისმა პირველი სროლა მიითვალა, მეორე კი განზრახ ააცილა იმ მიზნით, რომ ფარიდან ასხლეტილ ბურთს თავისიანი დაეუფლებოდა და ანგარიშის გათანაბრებას შესძლებდა. ყველაფერიც ასე მოხდა – სპანულისის აცილებულს პანათინაიკოსელმა ანტონიოს ფოცისმა დაამატა და თამაშიც ოვერტაიმში გადაიზარდა.
დამატებით ათწუთეულში ფსიქოლოგიურად გატეხილი მოსკოველები უშანსოდ იყვნენ და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც. ქართველმა ცენტრმა ამ მატჩში 5 წუთი ითამაშა და მხოლოდ 1 არაზუსტი სროლის შესრულება მოახერხა. შერმადინი საბოლოოდ 2 მოხსნითა და 1 დაფარებით შემოიფარგლა.
„პანათინაიკოსი“ D ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი გახდა 6 გამარჯვებითა და 1 მარცხით, რადგან ამავე ტურში მადრიდის “რეალმა” მოულოდნელად პოლონეთში “პროკომთან” წააგო. შერნადინის გუნდმა მოსკოვში გამარჯვებით უკვე გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა.