ფაჩულია ამერიკელ ჟურნალისტებს: “ვამაყობ საქართველოს ნაკრებით”

ფაჩულია ამერიკელ ჟურნალისტებს: “ვამაყობ საქართველოს ნაკრებით”

ზაზა ფაჩულია უკვე 10 დღეა, „ატლანტა ჰოუქსს“ შეუერთდა და თავის გუნდთან ერთად შეკრებას გადის. ზაზამ, ისევე როგორც ნბა–ს საკმაოდ ბევრმა მოთამაშემ, სეზონის პირველი ნაწილი ევროპულ კლუბებში გაატარა. შესაბამისად, ლოკაუტის დასრულების შემდეგ თავის ამერიკულ კლუბს მომზადებული შეუერთდა. ფაჩულიაც ფორმაშია, თუმცა მან ტრავმამაც შეუშალა ხელი, რომელიც დღეს აღარ აწუხებს. „ატლანტა ჰოუქსში“ მედიის დღე მოეწყო და სხვებთან ერთად ჟურნალისტები ქართველ ფორვარდს გაესაუბრნენ.
 

 
– ახალწვეულ ვლადიმირ რადმანოვიჩზე რა აზრისა ხარ?
– იგი ამერიკაში ჩემზე ადრე ჩამოვიდა და წარმატებული კარიერაც აიწყო. NBA-ში რომ შემოვაბიჯე, რადმანოვიჩი “სიეტლ სუპერსონიქსის” ღირსებას იცავდა. მაშინ მის გვერდით რეი ალენი და კიდევ არაერთი ვარსკვლავი თამაშობდა, “სიეტლიც” ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო. ვლადიმირი დიდებული კალათბურთელია, უნივერსალური თვისებებითაა დაჯილდოვებული და “ატლანტას” დიდ სამსახურს გაუწევს.
 
– “ატლანტა ჰოქსის” საწვრთნელი პროცესი როგორ დაიწყო?
– შემომხედეთ, თვალი ოდნავ დასიებული მაქვს, მკლავზე ნაკაწრები მეტყობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვარჯიში სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ასეც უნდა იყოს, ჩვენ ხომ სერიოზული მატჩებისთვის ვემზადებით.
 
– რამდენად მომზადებულები ჩამოხვედით შეკრებაზე?
– ჩვენთვისაც საინტერესო იყო, ვინ როგორ ფორმაში მოვიდოდა, რადგან NBA-ში ლოკაუტი დიდხანს გაგრძელდა. საბოლოოდ მწვრთნელს უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ყველა მოთამაშე მეტ-ნაკლებად კარგ კონდიციებშია, რადგან ზოგი კლუბებში ვთამაშობდით, ზოგი ინდივიდუალურად ემზადებოდა.
 

 
– შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეა. რას უნდა ელოდეს გულშემატკივარი “ატლანტა ჰოქსისგან”?
– ჩვენი მთავარი ამოცანაა რეგულარულ ჩემპიონატს შევხვდეთ სათანადო კონდიციებში. მანამდე ერთმანეთის გაცნობაც უნდა მოვასწროთ და შეთამაშებაც. ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემები არ გვექნება და “ატლანტა” წლეულსაც ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იქნება კონფერენციაში.
 
– ნოემბერსა და დეკემბერში თურქეთში თამაშობდი…
– რადგან NBA-ში ლოკაუტი გამოცხადდა, მოედანზე დაბრუნება დროებით ევროპაში გადავწყვიტე. მქონდა რამდენიმე წინადადება, თუმცა ყველას თურქული ვარიანტი ვამჯობინე, რადგან ამ ქვეყანას კარგად ვიცნობ – ამერიკაში გადმოსვლამდე (2003 წლამდე) ექვსი წლის განმავლობაში სწორედ სტამბოლში ვთამაშობდი, უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი შევიძინე.
 
– “გალათასარაისთან” ერთად ევროლიგაზე იასპარეზე…
– ეს კლუბი ევროლიგის პარალელურად თურქეთის ჩემპიონატში გამოდიოდა, დიდი გამოცდილება მივიღე. “გალათასარაი” მდიდარი ტრადიციების გუნდია, შემადგენლობაც კარგი ჰყავს და გულშემატკივარიც. დიდი სიამოვნება იყო გადაჭედილ დარბაზში თამაში. წამოსვლის წინ ქომაგი თბილად დამემშვიდობა.
 
– ლოკაუტის დასრულებამ გული ხომ არ დაგწყვიტა?
– არა, რადგან ამერიკაში დაბრუნებასაც მოუთმენლად ველოდი. ატლანტა ჩემი სახლია და “ჰოქსში” კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი წელი ვაპირებ თამაშს. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
 
– “გალათასარაის” რამდენიმე მატჩი გამოტოვე. რა იყო ამის მიზეზი?
– ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თამაშისას ფეხის ტრავმა მივიღე, რომელიც თურქეთში გადასვლამდე მოვიშუშე, თუმცა გამიმიზეზდა და დასვენება აუცილებელი იყო. მწყობრში რომ ჩავდექი “გალათასარაის” მაისურით რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარე. ახლა მწყობრში ვარ და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ.
 
– ბოლოს, ნაკრებზე ვთქვათ. რას ნიშნავდა საქართველოსთვის ევროპის პირველობაზე თამაში?
– ქვეყნის ისტორიაში საკალათბურთო გუნდი ევრობასკეტზე პირველად მოხვდა, რაც დიდი წარმატება იყო როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე კალათბურთელებისთვის. ვამაყობ ჩემი გუნდით და მის მიერ ნაჩვენები შედეგით – ბევრისთვის მოულოდნელად, პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერი გადავლახეთ და ტოპ-12-ში მოვხვდით. სწორედ ამიტომ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2011 წელი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო.