ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა

ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა

ერთი მატჩის გამოტოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. „ატლანტა ჰოუქსის“ ქართველმა ცენტრმა ფეხის ტრავმის გამო წინა შეხვედრა გამოტოვა, დღეს, გამთენიისას კი „ბოსტონის“ წინააღმდეგ გამართულ თრილერში მიიღო მონაწილეობა. „ატლანტა ჰოუქსმა“ ბოსტონელებს დაძაბულ, ოროვერტაიმიან მატჩში 123:111 მოუგო.
 
ქართველ ცენტრს ბევრი არ უთამაშია. ფაჩულიამ მოედანზე 11,28 წუთი დაჰყო და თავის გუნდს 2 ქულით, 3 მოხსნითა და 1 პასით შეეწია. ზაზამ ერთადერთო ორქულიანი ტყორცნა და ისიც შედეგიანად. ატლანტელებში საუკეთესო შედეგი კაილი კორვერმა დააფიქსირა, რომელმაც 8 სამქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში 27 ქულა მიითვალა.
 

 
დამარცხდა თორნიკე შენგელიას „ბრუკლინი“, რომელმაც შეხვედრა მემფისში „გრიზლისთან“ 77:101 დათმო. ქართველიო ფორვარდი გუნდთან ერთად იყო, თუმცა განაცხადში ვერ მოხვდა. შენგელიამ გუშინ ნბა-ს განვითარების ლიგაში ითამაშა და „სპრინგფილდს“ 39 ქულა შესძინა.
 
ამ წაგებიოს შედეგად „ბრუკლინი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა, „ატლანტა“ კი კვლავ მეექვსეზეა. ბრუკლინელები 26 იანვარს ჰიუსტონში ითამაშებენ, ხოლო „ატლანტა 27-ში ნიუ იორკში „ნიქსს“ დაუპირისპირდება.