ფაჩულია სასტარტო ხუთეულში ორმაგი დუბლით და გამარჯვებით დაბრუნდა

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში ორმაგი დუბლით და გამარჯვებით დაბრუნდა

დღევანდელი დილა რომ თენდებოდა, ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე ზაზა ფაჩულიასთვის და მისი ქომაგებისთვის დიდებული ამბები მოხდა. რვამატჩიანი პაუზის შემდეგ, “გოლდენ სტეიტის” ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა, ორმაგი დუბლი მიითვალა და მისმა გუნდმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაამარცხა – 117:106

“გოლდენ სტეიტი” თითქმის განახევრებული შემადგენლობით თამაშობდა. ოკლენდელებს აკლდათ ხუთეულის წევრები – სტეფ კარი, დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი. მწყობრში იყო ფაჩულიას პოზიციაზე ხუთეულში ფეხგადგმული ჯავალ მაკგი, თუმცა ის მწვრთნელმა სათადარიგოდ დატოვა და 13 წუთს ათამაშა. ძირითადს კი, როგორც ვთქვით, ფაჩულია დაუბრუნდა და ქართველმა ცენტრმა ზედიზედ მეორედ ორმაგი დუბლი მიითვალა. 

წინა მატჩში, “მინესოტასთან”, ზაზამ 16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, დღეს გამთენიისას კი “ლეიკერსთან” 10 ქულა, 12 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 2 ჯარიმა მიიღო და ბურთი ორჯერ დაკარგა. საუკეთესო ტრადიციულად კევინ დიურანტი გახდა, რომელმაც 26 ქულა მოაგროვა. 18 ქულა ნიკ იანგმა, ხოლო 15 – ომრი კასპიმ მიითვალა.

52 მოგებისა და 16 წაგების მქონე “გოლდენ სტეიტი” ლიგაში მეორე ადგილზე რჩება. შემდეგ მატჩს ოკლენდელები 17 მარტს, ისევ შინ, “საკრამენტოსთან” ჩაატარებენ.