ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“ წარმატებით დაიწყო პლეი ოფის სერია და პირველივე შეხვედრაში მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. დღეს, გამთენიისას, ორლანდოში გამართულ მატჩში, „ჰოუქსმა“ 103:93 დაამარცხა მასპინძელი „მეჯიქი“ და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
პლეი ოფის სერიაში გამარჯვება 4 მოგებამდეა. თითო კონფერენციიდან პლეი ოფში 8-8 საუკეთესო გუნდი გავიდა და ფინალში გასასვლელად ბრძოლაც დაიწყო. აღმოსავლეთში მე-5 ადგილზე გასულ „ატლანტას“ მეტოქედ მე-4-ზე მყოფი „ორლანდო“ ერგო და რაკი ცხრილში წინ იყო, მოედნის უპირატესობაც ფლორიდულებს ჰქონდათ. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ეს უპირატესობა უკვე „ატლანტასია“, რომელიც თუკი ყველა საშინაო შეხვედრას მოიგებს, სერიაში გამარჯვებულიც გამოვა.
დღევანდელი მატჩის პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 19:17 მოიგეს, რის შემდეგაც ატლანტელთა ჯერიც დადგა. „ქორების“ გამოცდილი ლიდერი, ჯო ჯონსონი თავისიანებს წინამძღოლად მოევლინა და მისი აქტიურობით ატლანტელებმა მომდევნო მეოთხედები დამაჯერებლად მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 14 ქულით დაწინაურდნენ.
ზაზა ფაჩულია მოედანზე მხოლო 9 წუთით გამოჩნდა და პირად მონაგარზე მეტად გულშემატკივრებს თავი იმით დაამახსოვრა, რომ ორლანდოელთა ლიდერს, ამ შეხვედრაში 49 ქულისა და 19 მოხსნის მიმთვლელ დუაიტ ჰოვარდს ტექნიკური ჯარიმა „აჰკიდა“. მესამე მეოთხედში, ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოსახელთებლად სწორედ ეს 2 ცენტრი იბრძოდა, როცა ჰოვარდი ქართველს გადამეტებულად ეუხეშა და მოედანზე დააგდო. მსაჯებმა „ორლანდოს“ ლიდერი ამ საქციელის გამო ტექნიკური ჯარიმით
„დააჯილდოვეს“. ატლანტელებს მიჯრით 3 საჯარიმოს სროლა მოუხდათ, რომელბიც ზუსტად შეასრულეს და 71:54 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ბევრი ეცადნენ, მაგრამ მასპინძლებმა ვეღარაფრის შეცვლა ვეღარ მოახერხეს.
რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ზაზამ შეხვედრა 2 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა. ფაჩულიამ 1 ორიანი ააცილა, თუმც ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. ატლანტელთა ბომბარდირ ჯონსონს 25 ქულა ჰქონდა, ჯამალ კრაუფორდმა კი თავისიანებს 23 ქულა მიაშველა.
მომდევნო მატჩების განრიგი ასეთია:
მე-2 – სამშაბათი, 19 აპრილი, ორლანდო-ატლანტა
მე-3 – პარასკევი, 22 აპრილი, ატლანტა-ორლანდო
მე-4 – კვირა, 24 აპრილი, ატლანტა-ორლანდო
მე-5 – სამშაბათი, 26 აპრილი, ორლანდო-ატლანტა (თუ საჭირო გახდა)
მე-6 – ხუთშაბათი, 28 აპრილი, ატლანტა-ორლანდო (თუ საჭირო გახდა)
მე-7 – შაბათი, 30 აპრილი, ორლანდო-ატლანტა (თუ საჭირო გახდა)
ფოტო: ზაზა ფაჩულიას დაფარებას დუაიტ ჰოვარდი ცდილობს