ფაჩულიამ “ატლანტას” მოგებაში 8 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა

ფაჩულიამ “ატლანტას” მოგებაში 8 ქულა და 5 მოხსნა მიაშველა

„გოლდენ სტეიტთან“ მარცხის შემდეგ „ატლანტა ჰოუქსმა“ საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტირება მოახდინა. ჯორჯიელებმა „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით – 99:94 დაამარცხეს.
ატლანტელები გადამწყვეტი მეოთხედის წინ 11 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ძალები მოიკრიბეს და შინაურ არენაზე ზედიზედ მეორედ დამარცხება არ დაუშვეს. ხელახლა დაშავებული ჯო ჯონსონის არყოფნაში გადამწყვეტი სიტყვა თქვა ჯოშ სმიტმა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად 19 მოხსნაც მიითვალა.
წინა მატჩის დარად პრდუქტიული არ იყო ქართველი ცენტრი. შეგახსენებთ, რომ „გოდენ სტეიტთან“ ზაზამ 13 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა, თუმც „მილუოკისთან“ ორმაგ დუბლამდე ვერ მივიდა. ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ 23 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. მას სხვა სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ატლანტა“, რომელსაც 21 მოგება და 15 მარცხი აქვს, აღმოსავლეთის ცხრილში კვლავაც მე-6 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა „ქორებს“ ისევ ატლანტაში ელით. თბილისში რომ 3 მარტი დაღამდება, „ფილიპს არენაზე“ „ჰოუქსი“ დასავლელ „მონსტრ“ „ოკლაჰომას“ უმასპინძლებს.