ფაჩულიამ და შენგელიამ ისევ არ ითამაშეს

ფაჩულიამ და შენგელიამ ისევ არ ითამაშეს

დღეს, გამთენიისას, ნბა-ში ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა, მაგრამ არც ზაზა ფაჩულია და არც თორნიკე შენგელია მოედანზე არ გამოჩენილან. „ატლანტა ჰოუქსის“ ქართველ ცენტრს კვლავ ფეხი აწუხებს და გუნდს ბოსტონში სათამაშოდ ვერ გაჰყვა, ბრუკლინელი შენგელია კი განაცხადში იყო, მაგრამ მწვრთნელს იგი მოედანზე არ შეუყვანია.
 
ფაჩულიას არყოფნაში ატლანტელებმა დიდი ბრძოლა გადაიტანეს ბოსტონში, რომელიც დასანანად წააგეს. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 94:94 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში მასპინძლებმა იძალეს და საბოლოოდ 107:102 იმარჯვეს. ატლანტელებს 32 ქულით ჯოშ სმიტმა ულიდერა, „ბოსტონში“ კი საუკეთესო 27 ქულით მიმთვლელი პოლ პირსი გახლდათ.
 
ატლანტელთაგან განსხვავებით გაიმარჯვა „ბრუკლინმა“, რომელიც „ვაშინგტონს“ მასპინძლობდა. დერონ უილიამსის ფანტასტიკური თამაშის წყალობით ბრუკლინელებმა დედაქალაქელები 95:78 დაამარცხეს. უილიამსმა 42 ქულა მიითვალა, ხოლო კიდევ ერთი გამორჩეული შედეგი რეჯი ევანსის 24 მოხსნა გახლდათ.
 

 
ბრუკლინელები ამ გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე გამაგრდნენ, ხოლო ატლანტელებს „ბოსტონი“ წამოეწია და ეს 2 გუნდი ახლა დასავლეთში VI-VII ადგილებს იყოფენ.
 
ხვალ, გამთენიისას ქართველების გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. მატჩი ბრუკლინში გაიმართება და საკითხავია, შეხვდებიან თუ არა ფაჩულია და შენგელია მოედანზე ერთმანეთს.