ფაჩულიამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ბრუკლინთან ჩაატარა: 2 პასი სამმაგ დუბლამდე

ფაჩულიამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ბრუკლინთან ჩაატარა: 2 პასი სამმაგ დუბლამდე

დღეს ნბა-ში ქართულ დერბის ველოდით, თუმცა ბრუკლინელი თორნიკე შენგელია მწვრთნელმა „ატლანტასთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ეს, რა თქმა უნდა, არ მოეწონა ატლანტელთა ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას, რომელიც თორნიკეს მატჩამდე საკუთარ სახლში გულთბილად შეხვდა და მასთან შეხვედრა მოედანზეც სურდა. ფაჩულია ჯოშ სმიტის დისკვალიფიკაციის გამო სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და ზაზამ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველ ცენტრს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა.
 
8 შედეგიანი გადაცემა ფაჩულიასთვუის თავისთავად კარიერის რეკორდია. აქამდე ზაზას საუკეთესო შედეგი 7 პასი იყო, რომელიც ქართველმა ცენტრმა წინა სეზონში, 16 მარტს, „ვაშინგტონის“ წინააღმდეგ მოაგროვა. დღეს, გამთენიისას კი ფაჩულიამ ეს შედეგი ერთით გააუმჯობესა და კიდევ 2-იც რომ მიეთვალა, ყველასთვის საოცნებო სამმაგ დუბლს გაიფორმებდა.
 
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში ჯოშ სმიტის არყოფნის გამო იმყოფებოდა. ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა, მით უფრო მაშინ, როცა გუნდმა ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო, ატლანტელებს ურთულეს სიტუაციაში აყენებდა. მაგრამ მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მებრძოლი სულისკვეთება გამოავლინეს და ამ ავბედით ჟამს ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი დაამარცხეს. „ბრუკლინს“ ბოლო 7 მატჩი მოგებული ჰქონდა და ატლანტაშიც, ცხადია, მოსაგებად ჩავიდა, მაგრამ ფაჩულიას გუნდმა დიდებულად ითამაშა და საბოლოოდ 109:95 გაიმარჯვა.
 

ბრუკ ლოპესი და ზაზა ფაჩულია
 
ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ ცენტრს. ფაჩულიამ 39 წუთი ითამაშა და 13 ქულამ, 11 მოხსნა, 8 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ზაზამ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6-დან 3 საჯარიმოც მოაყოლა. ატლანტელთაგან საუკეთესოდ ჯეფ ტიგი დასახელდა, რომელმაც 28 ქულა და 11 პასი მოაგროვა.
 
ამ მოგების შემდეგ „ატლანტა“ აღმოსავლეთის ცხრილში ბრუკლინელებს მიუახლოვდა. ამ 2 გუნდს შორის სხვაობა 1 გამარჯვებაა – მეხუთეზე მყოფ ბრუკლინს 23 მოგება და 16 მარცხი აქვს, ხოლო ატლანტელთა მონაგარის შეფარდება ასეთია: 22-16.
 
მაშ ასე, ქართველები მოედანზე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ, თუმცა ამის შანსი მომდევნო მატჩშივეა: 18 იანვარს ამ გუნდების მატჩი უკვე ბრუკლინში შედგება.