ფაჩულიამ მაიამისთან სასტარტო ხუთეულში ითამაშა

ფაჩულიამ მაიამისთან სასტარტო ხუთეულში ითამაშა

ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ „მაიამისთან“ მატჩში ზაზა ფაჩულია ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში იყო და ამის მიზეზი არ ყოფილა ვინმეს ტრავმა. ქართველ ცენტრს თავიდანვე ანდეს მოედანზე ადგილი და „ქორებიც“ ბოლო მეოთხედამდე ამარცხებდნენ მრისხანე მეტოქეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. „მაიამიმ“ ატლანტელები 103:90 დაამარცხა.
 
ბოლო პერიოდის დაწყებამდე ატლანტელები 10 ქულით იგებდნენ. გადამწყვეტ 12-წუთეულში მაიამელებმა მეტოქეს, რომ იტყვიან, საკალათბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს: მეოთხედი 40:17 მოუგეს და ცხადია, გამარჯვებაც მოიპოვეს.
 

ზაზა ფაჩულია და ლებრონ ჯეიმსი ბურთისთვის იბრძვიან
 
ფაჩულიამ 24,40 წუთი ითამაშა და მოედანი 4 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დატოვა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ატლანტელთაგან 27 ქულით და 9 მოხსნით ალ ჰორფორდი გამოირჩა, ხოლო სამარქაფო კაილი კორვერმა 12 ქულა მიითვალა. ატლანტელებს 29 მოგების წილ 22 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 საფეხურზე არიან.
 
განაცხადში ისევ ვერ მოხვდა თორნიკე შენგელია, რომლის „ბრუკლინმაც“ სტუმრად „მილუოკი“ 97:94 დაამარცხა. ბრუკლინელების მონაგარი მონაგარი 32 მოგება, 22 წაგება და აღმოსავლეთის ცხრილში მე-4 ადგილია.
 
მომდევნო მატჩში, 22 თებერვალს, ბრუკლინელები „ჰიუსტონს“ უმასპინძლებენ, ხოლო ამავე დღეს „ატლანტა“ „საკრამენტოს“ მიიღებს.