ფაჩულიამ ორლანდოში იმარჯვა, შენგელია ისევ სათადარიგოა

ფაჩულიამ ორლანდოში იმარჯვა, შენგელია ისევ სათადარიგოა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ და თორნიკე შენგელიას „ბრუკლინმა“ ნბა-ში მორიგი მატჩები მოიგეს. დასანანი ისაა, რომ 21 წლის ქართველი მოედანზე ისევ არ ჩანს, თუმცა უკვე მეორე მატჩია, განაცხადშია.
 
ბრუკლინელებმა საკმაოდ მძლავრი მეტოქე დაამარცხეს. „დენვერმა“ ბოლო 10 თამაშიდან 8 მოიგო და ბრუკლინშიც მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავიდა, მაგრამ… მიუხედავად დერონ უილიამსის არყოფნისა, „ნეთსმა“ მეტოქე 119:108 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-4 ადგილზე აღზევდა. ბრუკლინელებს 31 მოგება და 22 მარცხი აქვთ.
 
2 მოგებით ნაკლები აქვს და ცხრილში მე-6-ეა ზაზა ფაჩულიას „ატლანტა“, რომელმაც ორლანდოში დაჩაჩანაკებული „მეჯიქი“ 108:76 გაანადგურა. ქართველმა ცენტრმა 17 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ 9-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. საუკეთესო ჯოშ სმიტი გახდა 30 ქულით, 10 მოხსნითა და 5 პასით.
 
მომდევნო მატჩები გვარიანად გვიან გაიმართება. მიზეზი ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქციაა, რომელიც პარასკევიდან კვირამდეა გადაჭიმული. „ატლანტა“ მომდევნო შეხვედრა 20 თებერვალს „მაიამისთან“ ჩაატარებს, ხოლო „ბრუკლინი 19-ში „მილუოკის“ დაუპირისპირდება.