ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” – ამჯერად სტუმრად “ფინიქსთან”, სადაც სასტარტო შემადგენლობაში გამწესებულ ქართველ ცენტრს თვით შაკილ ონილთან მოუხდა ბრძოლა და მთლიანობაში თავიც არ შეურცხვენია.მართალია, “ფინიქსის” დიადი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და მასპინძლების გამარჯვებაც მნიშვნელოვან წილად მისი დამსახურებაა, მაგრამ მასთან ორთაბრძოლაში რომ ორმაგ დუბლს გამორჩები, ეს ნამდვილად არაა ურიგო შედეგი. ფაჩულიამ სწორედ ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა – 32 წუთში მან 10 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ზაზასთვის ეს მეორე ორმაგი დუბლია ამ სეზონში: წინა გასული წლის 6 დეკემბერს, “დალასის” წინააღმდეგ მიითვალა – 13 ქულა, 12 მოხსნა.ფაჩულიამ 9–ჯერ შეუტია ახლო დისტანციიდან ფინიქსელთა ფარს და 5 ჩააგდო. მისი მეტოქის ფარზე მოხსნილი 7 მოხსნა კი საუკეთესო იყო წუხელ გამართულ შვიდივე მატჩში. მთლიანობაში კი ზაზას 11 მოხსნა დაუგროვდა, რასაც თითო პასი და დაფარება მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. შაკილ ონილის მონაგარმა 26 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება შეადგინა.თავად მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე “ატლანტა” ქულას იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში შაკილ ონილმა, სტივ ნეშმა და ამარე სტუდემაიერმა (ნბა–ს სუპერვარსკვლავებმა) ზუსტი თამაშით გამოიჩინეს თავი და საბოლოოდ “ფინიქსმა” 107:102 გაიმარჯვა.ატლანტელებს ახლა 22 გამარჯვება აქვთ 15 მარცხის წილ და ისინი კვლავ მე–5 ადგილზე არიან აღმოსავლეთ კონფერენციაში. მათ წინ “დეტროიტია”, უკან – “მაიამი”.
ზაზა ფაჩულიამ შაკილ ონილი ლამის მოახრჩო