ფაჩულიამ პორტლენდელებს 11–ჯერ მოუხსნა, “ატლანტამ” კი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

ფაჩულიამ პორტლენდელებს 11–ჯერ მოუხსნა, “ატლანტამ” კი ზედიზედ მეოთხედ მოიგო

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში საკუთარი ძალა  დაამტკიცა, ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ დასავლეთის გუნდებს შეუტია. ჯორჯიელებმა რამდენიმე დღის წინ „მინესოტა“ დაამარცხეს, დღეს გამთენიისას კი აღმოსავლეთის ერთ–ერთი მძლავრი წარმომადგენელი „პორტლენდიც“ დაამწუხრეს.
 
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ მასპიძელთა სამქულიანი გამარჯვებით – 92:89 დასრულდა. ატლანტელები გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე 13 ქულით იგებდნენ, თუმცა პორტლენდელებმა დარჩენილ დროში მძლავრად ითამაშეს და ბოლო წუთებზე გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა…
 

ზაზა ფაჩულია ლამარკუს ოლდრიჯს გაურბის
 
ქართველი ცენტრი წინა მატჩის დარად სათადარიგო იყო, თუმცა ძირითადში მყოფ ჯეისონ კოლინსზე  ისევ უკეთ და მეტ ხანს ითამაშა. კოლინსმა ფიცარნაგზე 13 უქულო წუთი გაატარა და პირად ანგარიშზე მხოლოდ 1 მოხსნა ჩაიწერა. რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა 27 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 5–დან 2 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 11 მოხსნა ამ შეხვედრაში უმეტესი იყო, რომელიც ფაჩულიასთან ერთად ატლანტელმა ჯოშ სმიტმა და პორტლენდელმა ლამარკუს ოლდრიჯმაც მოაგროვა.
 
რაც ძირითადი ცენტრი, ალ ჰორფორდი დაუშავდათ, ატლანტელებმა ზედიზედ მეოთხე შეხედრა მოიგეს და ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ. „ქორებს“ ახლა 11 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთში მათ მაღლა მხოლოდ “ჩიკაგო” „დაფრინავს“. მომდევნო შეხვედრას „ატლანტა“ ზეგ, გამთენიისას, ფილადელფიაში გამართავს.