ფაჩულიამ “სან ანტონიოს” 6 ქულა ჩაუგდო

სან ანტონიოს AT&T Center-ში ნასტუმრებმა ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” ადგილობრივ “სპურზს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 18 161 ქომაგის მიერ შეგულიანებულ მასპინძლებთან 89:95 დამარცხდა.ქართველ კალათბურთელსა და მის თანაგუნდელებს ყველაზე მეტად პირველ მეოთხედში გაუჭირდათ, რომელიც 17:25 დათმეს და მუდმივად მდევრის როლში მყოფებმა დანაკლისის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს.ფაჩულიამ მოედანზე 19 წუთი დაჰყო და ჯორჯიელებს 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეაწია.ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო და ერთხელაც დაუფარეს.

ფაჩულია ემანუელ ჯინობილის ეღობება
“ჰოუქსის” სასტარტო ხუთეულში ჩვენებურის კონკურენტმა ალ ჰორფორდმა 37 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ატლანტელთა უპირობო ლიდერმა ჯო ჯონსონმა კი 29 ქულას 6 შედეგიანი გადაცემა წაამატა.შეხვედრის გმირად “სპურზის” არგენტინელი ლეგიონერი მანუ ჯინობილი იქცა, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ, ძველებურად ათამაშდა და სტუმრები 27 ქულით, 5 მოხსნითა და 3 პასით დაამწუხრა.აღნიშნული მარცხი “ჰოუქსისთვის” სეზონში მე-9 გახლდათ, გამარჯვებათა გრაფაში კი გუნდს 12 უწერია. ამ მაჩვენებლით ატლანტელები სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში მე-2, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს ინარჩუნებენ.შაბათ დილით ფაჩულიას კლუბი “მაიამი ჰითს” (12 მოგება, 9 მარცხი) ესტუმრება.