ფაჩულიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იგორ კოკოშკოვის თვალწინ ჩაატარა

ფაჩულიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იგორ კოკოშკოვის თვალწინ ჩაატარა

ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” მიმდინარე სეზონში მეორედ შეხვდა იგორ კოკოშკოვის “ფინიქსს” და შინ განცდილი მარცხის გამო რევანში სტუმრად აიღო. ჩვენთვის ამ მოვლენაზე უფრო საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ფაჩულიამ “ფინიქსთან” წინა შეხვედრაში კარგად ითამაშა, თუმცა გუშინ ის კიდევ უფრო შედეგიანი იყო და კოკოშკოვს საკუთარი შესაძლებლობები მოედნიდან კიდევ ერთხელ დაუმტკიცა.

ფაჩულიას შეჩერებას მარცინ გორტატი ცდილობს
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო მოედანზე 34 წუთი გაატარა. ზაზამ 9 ორქულიანიდან 6 ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი 4 ცდიდან 3 სროლა გამოიყენა. ჯამში ფაჩულიამ 15 ქულა დააგროვა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონის მეორე საუკეთესო შედეგია. ზაზას პირადი რეკორდი 27 იანვარს “დეტროიტის” წინააღმდეგ მოპოვებული 16 ქულა იყო. ბარემ აქვე გამცნობთ, რომ ნბა-ში მისი საუკეთესო შედეგი 27 ქულაა, რომელიც ფაჩულიამ 2006-07 წლების სეზონში, “ვაშინგტონის” წინააღმდეგ 100:97 მოგებულ მატჩში მოაგროვა.
ატლანტელებმა “ფინიქსში” გამარჯვება ბრძოლაში მოიპოვეს. პირველი მეოთხედის 10 ქულით წაგების შემდეგ ფაჩულიას გუნდმა მეორე პერიოდი 26:25 მოიგო, მესამეში 26:21 იმარჯვა და გადამწყვეტ თორმეტწუთეულში ტოლსწორ ბრძოლაში ორქულიან გამარჯვებას მიაღწია – 101:99. მატჩის გმირი ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც ატლანტელებს 30 ქულა, 17 მოხსნა, 7 პასი, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა. ფაჩულიას 15 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება ჰქონდა. ზაზას ფინიქსელმა ოპონენტმა მარცინ გორტატმა კი შეხვედრა 13 ქულით, 6 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით დაასრულა.
ატლანტელებს 19 მოგების წილ 11 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში “ორლანდოსთან” ერთად კვლავ მეოთხე ადგილს იყოფენ. დასავლურ ტურნეში მყოფი “ჰოუქსისთვის” მორიგი გაჩერება პორტლენდშია, სადაც ფაჩულიას გუნდი “ბლეიზერსს” 19 თებერვალს დაუპირისპირდება.

ზაზა ფაჩულია რობინ ლოპესს აედევნა