ფაჩულიამ ტრავმის გამო მეორე მატჩი გამოტოვა

როგორც ივარაუდებოდა, ზაზა ფაჩულიამ მორიგი მატჩი გამოტოვა. ატლანტელებმა შინ დამარცხების შემდეგ „ტორონტოს“ ესტუმრნენ და წინა საღამოს განცდილი მარცხისთვის რევანში აიღეს – 109:87. ზაზას ნაცვლად სასტარტო ხუთეულში კვლავ ჯეისონ კოლინსმა ითამაშა, ამჯერად მოედანზე 11 წუთს იყო, თუმცა ქულის მოგროვება კვლავ ვერ შესძლო. სამაგიეროდ იყოჩაღა ივან ჯონსონმა, რომელმაც კარიერის უმეტესი 21 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ატლანტელთაგან საუკეთესო შედეგი გამთამაშებელმა ჯეფ თიგმა (19 ქულა, 10 პასი) დააფიქსირა.
დღესვე „ორლანდომ“ „ფილადელფია“ დაამარცხა და ფლორიდელები ფაჩულიას გუნდთან ერთად აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ V-VI ადგილებს იყოფენ.