ფაჩულიამ ტრავმის გამო შარლოტში ვერ ითამაშა

დღეს, გამთენიისას, ნბა-ში ორივე ქართველის გუნდმა იმარჯვა, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებს მოედანზე გასვლა არ მოუწიათ. ბრუკლინელი თორნიკე შენგელია განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა, ზაზა ფაჩულია კი ტრავმირებულია – „ატლანტა ჰოუქსის“ ქართველ ცენტრს მარჯვება ფეხზე აქილევსის მყესი აწუხებს.
 
ფაჩულიასთან ერთად ატლანტელებს ტრავმის გამო ალ ჰორჰორდი, დევინ ჰარისი, ლუი უილიამსი და ენტონი მოროუ აკლდათ. მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა, „ჰოუქმა“ გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა, თანაც – გასვლაზე. ფაჩულიას გუნდმა შარლოტში „ბობქეთსს“ 104:92 მოუგო. 30 ქულითა და 13 მოხსნით გუნდს ჯოშ სმიტმა ულიდერა, ხოლო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მყოფმა სათადარიგო ივან ჯონსონმა სოლიდური სტატისტიკა გაიფორმა – 12 ქულა, 15 მოხსნა.
 
რაც შეეხებათ ბრუკლინელებს, შენგელიას გუნდმა ტრავმებით გატანჯული „მინესოტა“ სტუმრად 91:83 დაამარცხა. მასპინძლებმა 9 კაცით ითამაშეს, რადგან დანარჩენი 7 მოთამაშე ტრავმირებული ჰყავს. გამარჯვებულთაგან დერონ უილიამსი და ბრუკ ლოპესი გამოირჩნენ, რომლებმაც ჯამში 40 ქულა ჩააგდეს.
 
ამ გამარჯვებით „ბრუკლინი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გადავიდა. 26 მოგებისა და 16 წაგების მქონე ბრუკლინელებს მცირედით უსწრებს თანაქალაქელი და მოსისხლე „ნიუ იორკი“. „ატლანტა“ კი 24 მოგებითა და 18 წაგებით მე-6 ადგილზე რჩება. მორმდევნო მატჩებს ორივე გუნდი 25 იანვარს გამართავს: „ატლანტა“ „ბოსტონს“ მიიღებს, „ბრუკლინი“ კი მემფისში „გრიზლისს“ შეხვდება.