ფაჩულიას 11 ქულა 14 წუთში და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვება “ლეიკერსთან”

ფაჩულიას 11 ქულა 14 წუთში და “გოლდენ სტეიტის” გამარჯვება “ლეიკერსთან”

დიდი ბრძოლა გადაიტანა და დამატებით დროში იმარჯვა ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“. ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა მორიგი შეხვედრა დღეს, გამთენიისას, ლოს ანჯელესში გამართა, სადაც ადგილობრივი „ლეიკერსისგან“ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.
ძირითადი დრო 109:109 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმის პირველსავე წუთზე სტეფ კარიმ 2 სამქულიანი ჩააგდო და მატჩის ბედი გოლდენსტეიტელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. საბოლოოდ ოკლენდურმა გუნდმა 127:123 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი გაიმყარა.
ქართველი ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ის მოედანზე მე-4 პერიოდსა და დამატებით დროში არ გამოჩენილა. ფაჩულია სასტარტო ხუთულში იყო და 14 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 5-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ოკლენდელებს ამ შეხვედრაში დაუბრუნდათ კევინ დიურანტი, რომელმაც 42 წუთში 29 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 28 ქულა და 7 პასი ჰქონდა სტეფ კარის, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.
„გოლდენ სტეიტს“ 16 მოგება და 6 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორეა. პირველზე მყოფ „ჰიუსტონს“ 17 მოგება და 4 წაგება გააჩნია.

სტატისტიკა: http://www.espn.com/nba/boxscore?gameId=400975063