ფაჩულიას 12 ქულა, 16 მოხსნა და საუკეთესოს ტიტული

ფაჩულიას 12 ქულა, 16 მოხსნა და საუკეთესოს ტიტული

ზაზა ფაჩულიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი ცენტრი დღეს, გამთენიისას, შარლოტში მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 12 ქულა და 16 მოხსნა მოედანზე მყოფთაგან  ყვლაზე საუკეთესო შედეგი გახლდათ, რისი წყალობითაც „ატლანტამ“ მასპინძლები 116:96 გაანადგურა. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მე-11 ორმაგი დუბლი შეასრულა.
ფაჩულიამ წინა შეხვედრა „დეტროიტთან“ შედარებით მოკრძალებულად ჩაატარა. ის მოედანზე მხოლოდ 20 წუთი იმყოფებოდა და შეხვედრა 4 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა. დღევანდელ შეხვედრაში კი ქართველმა ცენტრმა დიდებულად ითამაშა და ის მწვრთნელმა მოედანზე კარგა ხნით გააჩერა. მთლიანობაში ზაზამ 38 წუთი ითამაშა და საუკეთესო შედეგიც აჩვენა.

ფაჩულიას წინააღმდეგ წესებს შარლოტელი კორი მეჯიტი არღვევს
ფაჩულიამ მეტოქის ფარს თამაშიდან 6-ჯერ შეუტია და 5 ჩააგდო. ზაზამ 2-დან ორივე საჯარიმოც მიითვალა და მთლიანობაში 12 ქულა დააგროვა. ქართველი ცენტრი შეუდარებელი იყო ფარზე ბრძოლაში და საბოლოოდ პირად ანგარიშზე 16 მოხსნა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ შარლოტელთაგან 5 მოხსნაზე მეტი არავის დაუგროვებია, ხოლო ატლანტელებში ფაჩულიას შემდეგ საუკეთესო შედეგი – 6 მოხსნა – ივან ჯონსონს ჰქონდა. ზაზა სხვა სათამაშო კომპონენტებშიც ჩინებულად გაისარჯა: 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება საკმაოდ კარგი რეზულტატია.
უნდა აღინიშნოს, რომ ატლანტელებმა საკმაოდ სტაბილურად ითამაშეს. არც ერთ მათგანს არ მიუღწევია 20-ქულიან ზღვრამდე, სამაგიეროდ 7 ატლანტელი გადასცდა 10-ქულიან თამასას. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 23:19 მოიგეს, სტუმრებმა შეხვედრის ბედი მალევე გადაწყვიტეს. მეორე პერიოდი ატლანტელებმა 29:13 მოიგეს, ხოლო ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 18 ქულით ლიდერობდნენ.
„ატლანტას“ 34 მოგება და 23 წაგება აქვს – ჯორჯიული გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა „ორლანდო“ ძალიან ახლოსაა. ფაჩულიას გუნდს 2 ურთულესი გამოცდა ელის: 11 აპრილს ბოსტონში, ხოლო 13-ში ორლანდოში.