ფაჩულიას 17 მოხსნა და სათადარიგოთა სკამი

ზაზა ფაჩულია აგრძელებს თავის უცნაურ თამაშს. ანუ მას სტაბილურობა აკლია და ერთ მატჩს მაღალ დონეზე რომ ჩაატარებს, მერე უფერულ თამაშს მოაყოლებს ხოლმე. ჯოშ სმიტის ტრავმიანობის პირობებში ქართველი ცენტრი ატლანტელთა ძირითად ცენტრად იქცა, თუმც სტაბილურად გამოყოფილი სათამაშო დრო მას არ აქვს.
ამას წინათ იყო, ზაზამ 18 მოხსნა რომ გაჩარხა, თუმც მერე მშრალი პერიოდი დაუდგა და აგერ, გუშინწინ მორიგი ბარაქიანი სტატისტიკა შემოგვთავაზა – თუმც, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთ მაჩვენებელზე, მოხსნებზე ითქმის. ფაჩულიამ ტორონტოში 88:93 წაგებულ მატჩში 17 ბურთი მოხსნა მოედანზე გატარებულ 24 წუთში.
 

 
სამაგიეროდ, ქართველ ცენტრს ისევ უჭირს ქულების მოგროვება. ის „ტორონტოსთან“ მხოლოდ სამ ქულას დასჯერდა – 5 სროლიდან 1 ჩააგდო, რასაც ორიდან 1 საჯარიმო მოაყოლა.
ატლანტელებმა წუხელვე გამართეს მომდევნო მატჩი, ამჯერად ვაშინგტონში და ადგილობრივი „ვიზარდსი“ 103:98 დაამარცხეს, თუმცა ზაზა ფაჩულიას ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. სავარაუდოდ მას ამას წინათ ნატკენმა მხრის ტრავმამ შეახსენა თავი.