ფაჩულიას 2 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება “მაიამისთან”

ფაჩულიას 2 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება “მაიამისთან”

რაც “დეტროიტში” გადავიდა, ზაზა ფაჩულიამ ყველაზე მეტი ხნით გასულ მატჩში ითამაშა, რომელშიც “პისტონსმა” “მაიამის” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 98:93 დაამარცხა.

ფაჩულია სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე 28:14 წუთით გამოჩნდა, რა მისთვის მიმდინარე სეზონში და შესაბამისად, “დეტროიტში” სარეკორდო რაოდენობაა. ქართველი ცენტრის ხანგრძლივი თამაში დეტროიტელთა ძირითადი ცენტრის, ანდრე დრამონდის ტრავმამ განაპირობა, რომელიც მატჩის დაწყებიდან 7 წუთში დაშავდა და მოედანი დატოვა.

ხსენებულ დროში ზაზამ მხოლოდ 2 ქულა მიითვალა, მაგრამ სამაგიეროდ, ფარზე ბატონობდა – 9 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო და სამქულიანები არ უსვრია. აღსანიშნავია, რომ 9 მოხსნიდან 4 შეტევაში მიითვალა. ქართველ ცენტრზე მეტი მოხსნით მატჩი „მაიამიდან“ ჰასან უაითსაიდმა (10 მოხსნა) და „დეტროიტიდან“ ბლეიქ გრიფინმა (11 მოხსნა) დაასრულეს. აი, ჩაჭრებში კი, თანაგუნდელ ხოსე კალდერონთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა (2).

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაზას მიმდინარე წლის დასაწყისში ზედიზედ რვა მატჩი გაუცდა ტრავმის გამო და გამოჯანმრთელების შემდეგ ეს მისი მხოლოდ მეორე თამაში იყო. სხვათა შორის, აღნიშნულ გარემოებას ხაზი „დეტროიტის“ ოფიციალურმა ვებგვერდმაც გაუსვა, რომელიც წერს, რომ ზაზას დიდი ძალისხმევით და დახმარებით „პისტონსმა“ „ჰიტისთან“ კრიტიკული გამარჯვება მოიპოვა.

„დეტროიტს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 44 მატჩის შემდეგ 20 მოგება და 24 წაგება დაუგროვდა. „პისტონსი“ ამ დროისთვის მეცხრე ადგილზეა და სასურველ მერვე პოზიციას ერთადერთი მოგებით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 20 იანვარს, სახლში „საკრამენტო კინგსთან“ გამართავს.