ფაჩულიას 5 ქულა და 7 მოხსნა ნიუ ორლეანში

ფაჩულიას 5 ქულა და 7 მოხსნა ნიუ ორლეანში

გასვლით ტურნეში მყოფი „ატლანტას“ მორიგი გაჩერება ნიუ ორლეანი გახლდათ, სადაც ზაზა ფაჩულიას გუნდმა უპრობლემოდ – 94:72 გაიმარჯვა. ჯორჯიელები საკუთარი შტატის გარეთაც წარმატებით თამაშობენ და ბოლო 4 გასვლითი მატჩიდან 3 მოიგეს.
ნიუ ორლეანში ატლანტელებმა ყველაფერი მესამემეოთხედის ბოლოსთვის გაარკვიეს, როცა 24–ქულიან უპირატესობას დაეპატრონენ. ქართველმა ცენტრმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 3 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, 4 საჯარიმო სროლიდან კი 3 გამოიყენა, რამაც მთლიანობაში 5 ქულა შეადგინა. ზაზამ კარგად იშრომა ფარქვეშ და საბოლოოდ 7 მოხსნა დააგროვა, რასაც 2 დაფარება და 1 პასი მოაყოლა.
საკმაო დროით მოუწია მოედანზე ყოფნა ფაჩულიას სამარქაფო ცენტრ ჯეისონ კოლინსს, რომელმაც 23 წუთში ქულა რომ ქულაა, ის ვერ მიითვალა. საუკეთესო კი ჯეფ ტიგ აღმოჩნდა, რომელმაც თავი 24 ქულად მოუყარა.
15 მოგება და 6 მარცხი – ამ შედეგით „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე გამაგრდა და ლიდერ „მაიამისა“ და „ჩიკაგოს“ მცირედით ჩამორჩება. მომდევნო გაჩერება ატლანტელებს კანადაში, ქალაქ ტორონტოში ექნებათ, სადაც 1 თებერვალს, ჩვენთან რომ შუაღამე იქნება, ადგილობრივ „რეპტორზს“ გაეჯიბრება.