ფაჩულიას 6 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ორლანდოში მოგებულ მატჩში

ფაჩულიას 6 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ორლანდოში მოგებულ მატჩში

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ფლორიდაში “ორლანდო მეჯიქი” 133:112 (სტატისტიკა) გაანადგურა. ზაზა ფაჩულიამ კარიერა 2003 წელს სწორედ “ორლანდოში” დაიწყო და მას შემდეგ 14 წელი გავიდა. ქართველმა ცენტრმა მას შემდეგ 4 გუნდი გამოიცვალა და დღეს ფლორიდაში “გოლდენ სტეიტის” მაისურით ჩავიდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და იმ დროში, რაც მას მწვრთნელმა სათამაშოდ დაუთმო, საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. მოედანზე გატარებულ 15 წუთში ზაზამ 6 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თამაშიდან განხორციელებული 4 სროლიდან ფაჩულიამ 3 მოათავსა მეტოქის კალათში.

გოლდენსტეიტელთა ლიდერები კი ტრადიციულად კევინ დიურანტი (25 ქულა, 7 პასი), სტეფ კარი (23 ქულა, 10 პასი) და კლეი ტომპსონი (27 ქულა) გახლდათ. ნბა-ს განვითარების ლიგიდან დამატებულმა ჯორდან ბელმა 16 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.

17 მოგებითა 5 მარცხით “გოლდენ სტეიტი” “ჰიუსტონის” შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ოკლენდელები ორლანდოდან ფლორიდის უდიდეს ქალაქ მაიამიში გადაინაცვლებენ, სადაც 4 დეკემბერს “ჰითს” დაუპირისპირდებიან.