ფაჩულიას 7 ქულა და 9 მოხსნა ორლანდოში

ფაჩულიას 7 ქულა და 9 მოხსნა ორლანდოში

ზაზა ფაჩულიას გუნდმა მაიამიში განცდილი მარცხის შემდეგ ორლანდოში გადაინაცვლა და ადგილობრივი „მეჯიქი“ 86:80 დაამარცხა. ატლანტელებმა პირველი ტაიმის შემდეგ 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ბოლო პერიოდში მასპინძლებმა ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამცირეს და „ჰოუქსს“ გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
 

 
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და ატლანტელთაგან ყველაზე ნაკლები ითამაშა. მიუხედავად ამისა, ფაჩულია საკმაოდ სარგებლიანი იყო და საბოლოოდ 7 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ჯორჯიელთა გუნდში საუკეთესო 16 ქულითა და 11 მოხსნით ჯოშ სმიტი იყო, ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა კი 13 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითალა.
 
„ატლანტას“ 13 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-3 ადგილზეა. ზედიზედ 3 წაგების შემდეგ, როგორც იქნა, „ბრუკლინმაც“ მოიგო. თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაშ ისევ დაბრუნდა, თუმცა მოედანზე არ გამოჩენილა. ბრუკლინელებმა ტორონტოში „რეპტორსი“ 94:88 დაამარცხეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე განთავსდნენ.