ფაჩულიას 9 ქულა და 8 მოხსნა ფილადელფიაში

ფაჩულიას 9 ქულა და 8 მოხსნა ფილადელფიაში

„ატლანტა ჰოუქსი“ ისევ აგებს, თუმცა ცხრილში მე–3 ადგილს ინარჩუნებს. ზაზა ფაჩულიას გუნდმა აქამდე იმდენი მოგება დააგროვა, რომ ზედიზედ ორმა მარცხმა სატურნირე თვალსაზრისით არ დააზარალა. „ქორებმა“ უიმედოდ წააგეს თანაკონფერენციელ „ფილადელფიასთან“, რომელიც ამ მატჩამდე აღმოსავლეთში მე–10 იყო.
 
ატლანტელებმა მხოლოდ მეორე მეოთხედი მოიგეს, ისიც 1 ქულით, თუმცა დანარჩენ სამში დამარცხდნენ და საბოლოოდ მატჩი 80:99 დათმეს. ჩვეულად ვერ გაისარჯა „ქორების“ ცენტრალური თავდამსხმელი ალ ჰორფორდმა, რომელმაც თამაშიდან მხოლოდ 10–ში 2 სროლა ჩააგდო და საბოლოოდ 7 ქულასა და 8 მოხსნას დასჯერდა.
 
ფაჩულია სათდარიგო იყო, თუმცა თამაშმა ოთხ სასტარტოზე მეტხანს მოუწია. სწორედ ჰორფორდმა ითამაშა ზაზაზე მეტი (36 წუთი), ხოლო ქართველმა ცენტრმა მოედანზე 28 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7–დან 4 ორქულიანი და 1–დან 1 საჯარიმო ჩააგდო და მთლიანობაში 9 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ფაჩულია ატლანტელთაგან ერთ–ერთი საუკეთესო იყო.
 
15 მოგებითა და 9 მარცხით, როგორც თავშივე ვთქვით, „ატლანტა“ აღმოსავლეთში კვლავ მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ხვალ, შინაურ არენაზე, „ჩიკაგოს“ წინააღმდეგ ელის.