ფაჩულიას 9 ქულა დეტროიტულ მარცხში

ფაჩულიას 9 ქულა დეტროიტულ მარცხში

„ატლანტა ჰოუქსს“ მცირედი დააკლდა სეზონის 21–ე გამარჯვების მოსაპოვებლად. ზაზა ფაჩულიას გუნდი დეტროიტში ადგილობრივ „პისტონსს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 84:85 დამარცხდა. ატლანტელებმა ბოლო მეოთხედში 19–ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხეს.
 
დეტროიტელებმა მატჩის ბოლო 7 წუთშ მხოლოდ 2 ქულა ჩააგდეს. შესაბამისად, ატლანტელებმა 16:0 გაქცევა მოაწყვეს და საქმე გამარჯვების სროლამდე მიიყვანეს. ბოლო შეტევაში სტუმრებს ბურთის ალ ჰორფორდისთვის მიწოდება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და შეტევის უფლება კუთხეში მდგარმა ლუი უილიამსმა მიიღო, რომელსაც ანდრე დრამონდმა დააფარა და მატჩიც დასრულდა.
 

 
მატჩის სიმძიმემ ძირითადად ატლანტელთა სასტარტოებზე გადაიარა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი და „ჰოუქსის“ არც ერთ სათადარიგოს თამაშიდან ბურთი არ ჰქონდა ჩაგდებული. ზუსტად ამ დროს პირველი ბურთი ფაჩულიამ ჩააგდო. სწორედ ქართველი იყო სათადარიგოებში საუკეთესო, რომელმაც 20,13 წუთი ითამაშა და მოედანი 9 ქულით და 6 მოხსნით დატოვა.  ზაზამ 5–დან 3 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ამ შედეგიანობით ესროლა საჯარიმოებიც.
 
„მაიამიში“ იმარჯვა ატლანტელთა მდევარმა“ჩიკაგომ“, თუმცა ფაჩულიას გუნდს მაინც დამაჯერებლად უკავია აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილი. ერთი საფეხურით აინაცვლა და აღმოსავლეთში მე–6 ადგილზე იმყოფება თორნიკე შენგელიას „ბრუკლინი“, რომელმაც დღეს, გამთენიისას, ვაშინგტონში „ვიზარდსი“ დამატებით დროში – 115:113 დაამარცხა.
 
სათადარიგოდან მხოლოდ თორნიკე შენგელიას და სიჯეი უატსონს არ უთამაშიათ. მირზა ტელეტოვიჩი 2 სამქულიანით შეეწია ბრუკლინელებს, მარშონ ბრუკსმაც 6 ქულა ჩააგდო, ხოლო ტაიშონ ტეილორმა სამწუთნახევარში ვერაფერი გაახერხა.
 
„ბრუკლინი“ მომდევნო შეხვედრას 5 იანვარს საკრამენტოში „კინგსთან“ ჩაატარებს, ხოლო ფაჩულიას „ატლანტა“ ამავე დღეს „ბოსტონს“ უმასპინძლებს.