“ატლანტა ჰოუქსმა” მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამ გამთენიისას თანაკონფერენციელ “ჩიკაგოს” უმასპინძლა, რომელიც აღმოსავლეთში მე-3 ადგილზე იმყოფება და “ატლანტას” გვარიანი ჰანდიკაპით უსწრებს.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ჩიკაგოელები ჩინებულად ირჯებოდნენ და პირველი ტაიმი 17 ქულითაც მოიგეს. ატლანტელთა გამარჯვებაც ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ მათ ამხელა ჩამორჩენის აღმოფხვრა შესძლეს.
მესამე მეოთხედი “ატლანტამ” 12 ქულით მოიგო, ხოლო ბოლო პერიოდში ზაზა ფაჩულიას გუნდელებმა საბოლოოდ გატეხეს “ბულსი” და 83:80 იმარჯვეს.
ქართველმა ცენტრმა 19,20 წუთს ითამაშა და თავისიანებს 6 ქულით, 2 მოხზსნითა და 1 პასით შეეშველა. ფაჩულიამ 5 ორქულიანიდან 3 ჩააგდო. ატლანტელთა შორის ყველაზე საუკეთესო ალ ჰორფორდი იყო, რომელიც 31 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.
ამ გამარჯვებას ატლანტელთათვის ცხრილში არაფერი შეუცვლია. ფაჩულიას გუნდი საკუთარ დივიზიონში კვლავ მესამე, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთეა. მომდევნო მატჩს “ქორები” ზეგ გამთენიისას, შინ “ოკლაჰომასთან” გამართავენ.