ფაჩულიას “ატლანტამ” პირველი საპლეიოფო ბარიერი გადალახა

საქართველოს ნაკრების ცენტრ ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” ნბა–ს პირველი საპლეიოფო სერიის გადამწყვეტ მატჩში „მაიამის“ 91:78 სძლია და მომდევნო ეტაპზე გააღწია. საერთო ანგარიში საყაიმო იყო, 3:3 და ატლანტელებმა სერიის მეშვიდე მატჩში შინაურ კედლებში იმარჯვეს და პირველი საპლეიოფო ბარიერი ბოლო ათწლეულში პირველად გადალახეს. ჯორჯიელთა მომდევნო მეტოქე რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული “კლივლენდ კავალიერსია”, რომელმაც “დეტროიტ პისტონზი” 4:0 გაანადგურა.
მაიმელებთან სერიის დასკვნითი შეხვედრა ატლანტას გადაჭედილ “ფილიპს არენაზე” შედგა და მასპინძელთა ქომაგებისდა სასიხარულოდ, “ჰოუქსის” იოლი გამარჯვებით დასრულდა.
ჯორჯიელები დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით 20-ქულიან ზღვარსაც არაერთხელ გადასცდნენ, სწორედ ხსენებული სხბაობით იმარჯვეს.
ფაჩულიას “ჰოუქსის” სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია, მოედანზე გატარებულ 20 წუთში კი 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 6-ვე საჯარიმო ზუსტად სტყორცნა.
ქართველმა ცენტრმა ბურთი ორჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, რომელთაგან ერთი ტექნიკური ჯარიმა გახლდათ.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე “ჰოუქსის” ლიდერი ჯო ჯონსონი გახდა, ვინაც 27 ქულა, 5 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 4 პასი მოაგროვა.
ჯოშ სმიტი 21 ქულასა და 9 მოხსნას დასჯერდა, მაიამელთა ვარსკვლავმა დუეინ უეიდმა კი 31 ქულა ჩააგდო, თუმცა, სტუმრები მარცხისგან ვერ იხსნა.
„ატლანტა“ და „კლივლენდი“ საპლეიოფო სერიას 8 მაისს დაიწყებენ, მოედნის უპირატესობა კი, რა თქმა უნდა, რეგულარულის მომგებ ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდისკენაა“.