ფაჩულიას “ჩიკაგოსთან” ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” საქმეს დაუბრუნდა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში შინაურ “ფილიპს არენაზე” “ჩიკაგო ბულსი” 129:117 დაამარცხა.
ბოლო ხანს ტრავმირებულთა მომჯობინების გამო სათადარიგოებში დაბრუნებულ ზაზა ფაჩულიას ამ მატჩში ტავი არ შეურცხვენია. მან სატადარიგოთაგან ყველაზე მეტი – 21 წუთი ითამაშა და 10 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა ისე, რომ ბურთი არ დაუკარგავს. ამასთან, ზაზამ საკმაოდ კარგი მიზანი გამოავლინა და თამაშიდან ნასროლი 7 ბურთიდან 5 ჩიკაგოელთა კალათში მოათავსა.
 

ჩიკაგოელი იოაკიმ ნოა ზაზა
ფაჩულიას დაფარებას ამაოდ ცდილობს
 
ატლანტელებს თავიდან ცოტა გაუჭირდათ და თამაში თანაბრად მიდიოდა, სანამ ბოლო მეოთხედმა არ მოატანა და ჯო ჯონსონის დიდებული თამაშის წყალობით მასპინძლებმა ჩიკაგოელები გვარიანად არ ჩამოიტოვეს. ჯონსონმა საბოლოოდ მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 41 ქულა მიითვალა და “ქორებს” მორიგი გამარჯვების მოპოვებაში გვარიანად დაეხმარა.
ეს გამოდგა მე–19 გამარჯვება ატლანტელებისთვის. ფაჩულიას გუნდი კვლავ მყარად ინარჩუნებს მეოთხე ადგილს სრულიად აღმოსავლეთის გუნდებს შორის. თუკი აქამდეს სეზონებში ატლანტელებისთვის საპლეიოფო საკითხი მწვავედ იდგა, ახლა ჯორჯიელებს თავი ქუდში აქვთ და დიდი მოულოდნელობები უნდა მოხდეს, რომ აღმოსავლეთის რვა გუნდს შორის ვერ მოხვდნენ.