ზაზა ფაჩულიას და ჯეისონ რიჩარდსონს, რომლებმაც მოედანზე ერთმანეთში იჩხუბეს, პლეი ოფის სერიის მომდევნო, მეოთხე მატჩს გამოტოვებენ. ნბა–ს დისციპლინარებმა ეს გადაწყვეტილება “ატლანტა”–”ორლანდოს” შეხვედრის მეორე დღეს გამოიტანეს.
ორლანდოელთა მწვრთნელმა სტან ვან განდიმ თქვა, რომ ის დაიღალა თამაშის დროს ზაზა ფაჩულიას წამდაუწუმი დაცემებით. თავის მხრივ, „ატლანტა“ ორლანდოელთა ცენტრ დუაიტ ჰოვარდს ადანაშაულებს, რომელიც თავისი იდაყვების მოძრაობის ამპლიტუდას ვერ აკონტროლებს. რიჩარდსონმა კი ფაჩულიას შესახებ პირდაპირ განაცხადა: „მე ის არ მომწონს“.
ერთი სიტყვით, სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა და ამ ამბის მთავარი გმირი ქართველი ცენრტრია. საპლეიოფო სერიის მომდევნო მატჩი ჩვენი დროით ხვალ გამთენიისას გაიმართება, თუმცა მასში ორლანდოელთა საუკეთესო სნაიპერი ჯეისონ რიჩარდსონი ვერ ითამაშებს. ატლანტელებს კი სათადარიგო ცენტრი ზაზა ფაჩულია გამოაკლდება.
„მე არ მომწონს უხეშობა, მაგრამ თავს არავის დავაჩაგვრინებ – განაცხადა ფაჩულიამ – უბრალოდ, მე ასეთი ხასიათი მაქვს. როცა ვგრძნობ მოწინააღმდეგისგან უპატივცემულობას, მას ადეკვატურ პასუხს ვაძლევ. სულ ეს იყო, რაც მოხდა. შესაძლოა, კარგად არ მოვიქეცი, მაგრამ ყველას აქვთ თავისი თავმოყვარეობა. ესეთია ჩემი ხასიათი“.
ჯეისონ რიჩარდსონმა განაცხადა, რომ თამაშზე არ წავა, სასტუმროში დარჩება და მატჩს ტელევიზორში უყურებს. „ მე არ ვიხდი ბოდიშს იმის გამო, რაც გავაკეთე – ამბობს რიჩარდსონი – თავს ცუდად ვგრძნობ, იმიტომ, რომ ჩემს გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში ვერ ვეხმარები“.
ფაჩულიას და რიჩარდსონს თამაშის უფლება პლეი ოფის მე–5 მატჩიდან მიეცემათ, რომელიც 26 აპრილს ორლანდოში გაიმართება.