ფაჩულიას და შენგელიას ტრავმა გაუგრძელდათ

ნბა-ს მოედნებზე ისევ არ ჩანან ქართველები. ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია თავიანთი გუნდების განაცხადში ისევ არ ჩანან. ფაჩულიას აქილევსის მყესი აწუხებს, შენგელიას კი ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა და როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უფრთხილდება ახალგაზრდა კალათბურთელს. ნბა-ს განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ შენგელია, 3 მატჩია, განაცხადში არ ყოფილა. ზუსტად ამდენი მატჩი გამოტოვა ზაზა ფაჩულიამაც.
 
ორივე ქართველის გუნდმა – „ატლანტამ“ და „ბრუკლინმა“ დღევანდელი მატჩები წააგეს. „ატლანტა“ სტუმრად დამარცხდა „ინდიანასთან“, რომელიც იმდენადაა მოღონიერებული, რომ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე აღზევდა. „ქორებმა“ ვერაფერი გააწყვეს ახალამობრწყინებული ვარსკვლავის, პოლ ჯორჯის გუნდთან და საბოლოოდ 103:114 დამარცხდნენ.
 
„ბრუკლინმა“ კი შინ დათმო შეხვედრა „ლეიკერსთან“. მართალია, მასპინძლებმა პირველი მეოთხედი მოიგეს, თუმცა მეორეში განადგირდნენ, გვარიანად ჩამორჩნენ და „ლეიკერსს“ მატჩის ბოლომდე ვეღარ დაეწივნენ. საბოლოოდ „ნეთსი“ 83:92 დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა. მეექვსეზე კი 26 მოგებითა და 21 წაგებით „ატლანტაა“ განთავსებული. ბრუკლინელები ხვალ დეტროიტში ითამაშებენ, „ატლანტა“ კი „მემფისს“ უმასპინძლებს.