ფაჩულიას დროის რეკორდი და მეოთხე ხუთეული

ფაჩულიას დროის რეკორდი და მეოთხე ხუთეული

ზაზა ფაჩულიამ ნათამაშები წუთების მხრივ მიმდინარე სეზონში რეკორდი დაამყარა. „ატლანტას“ ქართველმა ცენტრმა აქამდე ამ სეზონში 62 მატჩი გამართა და ყველაზე მეტ ხანს 27 წუთი ჰქონდა ნათამაშები. ამ გამთენიისას კი „პორტლენდის“ წინააღმდეგ ზაზამ მოედანზე 31 წუთი გაატარა. ამავდროულად, ფაჩულიამ მეოთხეჯერ ითამაშა ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში.
 
შეხვედრა „ატლანტამ“ 91:82 მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ ჯორჯიელები ჩამორჩებოდნენ, თუმცა მესამე პერიოდში შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.
 

ზაზა ფაჩულია პორტლენდელ ლამარკუს ოლდრიჯს გაურბის
 
ფაჩულიამ თამაშიდან 5 სროლა შეასრულა, საიდანაც 3 ჩააგდო და შეხვედრა 6 ქულით დაასრულა. გარდა ამისა, ქართველ ცენტრს 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 1 დაკარგვა ჰქონდა. ატლანტელთა ძირითად ცენტრ ალ ჰორფორდს ტრავმა აწუხებს და რაც უფრო გვიან დაუბრუნდება მოედანს, ქართველი ცენტრი მით უფრო მეტ დროს გაატარებს მოედანზე.
 
პორტლენდელთა დამარცხების შემდეგ, “ატლანტა” 38 გამარჯვების წილ 28 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ატლანტაში „მილუოკისთან“ 15 მარტს გამართავს.