ფაჩულიას გუნდმა კოკოშკოვის გუნდთან წააგო

ფაჩულიას გუნდმა კოკოშკოვის გუნდთან წააგო

„ატლანტა ჰოუქსი“ საშინაო წაგებებს დაეჩვია. ჯორჯიელებმა „ფინიქს სანსს“ უმასპინძლეს და 90:99 დამარცხდნენ. ზაზა ფაჩულიას გუნდი დამარცხდა, თუმცა გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომლის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე საქართველოს ნაკრების დამრიგებელი იგორ კოკოშკოვია.
 
ფინიქსელებმა შესანიშნავად ჩაატარეს მატჩის საწყისი 3 მეოთხედი, რომლის შემდეგაც 84:64 დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში ატლანტელებმა მოინდომეს, მეოთხედი 11 ქულის სხვაობითაც მოიგეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
 
ზაზა ფაჩულიას სანაკრებო ოპონენტის – მარცინ გორტატის წინააღმდეგ მოუწია თამაში. შეიძლება ითქვას, რომ ფაჩულიამ ფინიქსელთა ცენტრი გააუვნებლა. ბოლო 15 მატჩში გორტატს 14 ორმაგი დუბლი ჰქონდა შესრულებული, „ატლანტასთან“ კი ვერც ქულებით მიაღწია ორციფრიან ზღვარს და ვერც მოხსნებით. გორტატმა შეხვედრა 8 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა. „ფინიქსის“ პოლონელმა ცენტრმა 35 წუთი ითამაშა და 10 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო.
 

მარცინ გორტატი ზაზა ფაჩულიაზე ჯარიმდება
 
ფაჩულიამ მოედანზე 26 წუთი გაატარა და 7 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 7–დან 2 ორქულიანი და 3–დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის გმირი კი ორგზის სეზონის უძვირფასესი მოთამაშე  სტივ ნეში გახდა, რომელმაც 24 ქულა და 11 პასი მოაგროვა.
 
16 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში „ატლანტა“ მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს კვლავ საკუთარ მოედანზე, „ინდიანასთან“ 9 თებერვალს ელის.