ფაჩულიას ხუთეული და ორმაგი დუბლი

უკვე მეორე მატჩია, ზაზა ფაჩულია “ატლანტას” ძირითად შემადგენლობაში იწყებს თამაშს, თუმცა მანამდე ხუთეულში ცენტრად მყოფი ალ ჰორფორდიც თავიდანვე გაყავს ატლანტელთა მწვრთნელს მოედანზე. ქართველი ცენტრი კი ჩინებულად ათამაშდა ამ საგამოფენო მატჩებში, მაგრამ როგორც ჩანს, ის მაინც ვერ ძლევს ნიჭიერი ჰორფორდის კონკურენციას, რაკი მწვრთნელმა ზაზა ჰორფორდს კი არ ანაცვალა ხუთეულში, არამედ, მასთან ერთად დააყენა.
 

ფაჩულია შარლოტელთა ფარქვეშ
 
აზრი, რომ ჰორფორდ–ფაჩულია ერთდროულად იყვნენ ხუთეულში და გუნდში ფარქვეშა პოზიციები (ცენტრი, თავდამსხმელი) გაინაწილონ, აქამდეც არსებობდა როგორც ამერიკულ, ასევე ქართულ პრესაში. ჰორფორდი ზაზაზე 2–3 სანტიმეტრით დაბალია და მას თავდამსხმელადაც წარმატებით შეუძლია თამაში, თუმცა ატლანტელთა მწვრთნელ მაიკ ვუდსინს არ სურს შეელიოს თავისი გუნდის სხვა ყოჩაღ ფორვარდებს და ამიტომ დასაწესა ერთი სათამაშო კვოტა ფაჩულიასა და ჰორფორდისთვის. ხოლო ის, რომ ბოლო ორ თამაშში ორივე მათგანი ხუთეულშია, ამერიკული პრესის ცნობით, ფორვარდ მარვინ უილიამსის ტრავმითაა გამოწვეული.
 
ვუდსონი ცენტრად ფაჩულიას ათამაშებს, ხოლო ჰორფორდს – თავდამსხმელად, რაც ამართლებს კიდეც. წინა მატჩი ატლანტელებმა “ფინიქსთან” ბოლო წამებზე დათმეს 2 ქულით, ხოლო წუხანდელი შეხვედრა შარლოტელებს 102:96 მოუგეს.
 
როგორც ვთქვით, ზაზა ხუთეულში იყო, მოედანზე 24 წუთი გაატარა და საგამოფენო მატჩებში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 10 მოხსნა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ფაჩულიას აქტიურობა მეტოქის ფარქვეშ, სადაც მან 7 კალათიდან ასხლეტილი ბურთი მოიხელთა, რაც ნებისმიერ ნბა–ს ცენტრს შეშურდებოდა.
 
ჰორფორდმა ფაჩულიაზე 8 წუთით მეტი ითამაშა და მანაც მოახერხა ორმაგი გუბლის მონადირება – 11 ქულა, 11 მოხსნა.  თუმცა მან ქულების შეგროვებას ქართველზე მეტი სროლა დააჭირვა.  მთელი თამაში დაძაბულად წარიმართა და ატლანტელებმა ბოლოს მოახერხეს შარლოტელთა გატეხვა, რაშიც ფაჩულიას ხელიც ურევია.
 
მომდევნო, ბოლოსწინა საგამოფენო მატჩს ატლანტელები ზეგ გამართავენ – ფაჩულიას გუნდი “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლებს.