ზაზა ფაჩულიას “ატლანტამ” დღეს გამთენიისას ბოლოსწინა საგამოფენო მატჩი გამართა სწორედ იმ გუნდთან, რომელთანაც რეგულარული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მოუწევს ბრძოლა. ჯორჯიელებმა შინ “ორლანდო მეჯიქი” მიიღეს და 103:109 დამარცხდნენ.
ისევ ხუთეულში ითამაშა ქართველმა ცენტრმა, თუმცა მან ამჯერად საგამოფენო მატჩების გათვალისწინებით ყველაზე ცოტა დრო გაატარა მოედანზე. ფაჩულიამ 14 წუთში 7 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, ჩააგდო სამივე საჯარიმო და 5–დან 2 ორქულიანი გამოიყენა
.
გაცილებით შედეგიანი იყო ცენტრის პოზიციაზე ზაზას კონკურენტი ალ ჰორფორდი, რომელმაც 32 წუთში 13 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თუმცა ესეც არაა მოსატანი იმასთან, რაც ორლანდოელთა ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა მოიმკა ამ მატჩში. “მეჯიქის” სუპერვარსკვლავმა 22 საჯარიმო სროლიდან 9 კი ააცილა, მაგრამ მაინც მოუყარა თავი 29 ქულას, რასაც 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.
მომდევნო და ბოლო საგამოფენო მატჩს “ატლანტა” ზეგ დეტროიტში გამართავს, რის შემდეგაც, 29–ში უკვე ოფიციალური მატჩი ელის “ორლანდოსთან”.