ფაჩულიას “ლეიკერსთან” ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

ფაჩულიას “ლეიკერსთან” ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა

“ატლანტას” მწვრთნელი განაგრძობს ექსპერიმენტების ჩატარებას. თუკი მან ზაზა ფაჩულიას ბოლოსწინა ორ მატჩში მთლიანობაში 6 სათამაშო წუთი გამოუყო, ამ გამთენიისას “ლეიკერსთან” 22 წუთით გაიყვანა მოედანზე და ქართველმა ცენტრმაც თავი გამოიჩინა. ზაზას ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა.
“ატლანტამ” დასავლეთ კონფერენციისა და ლიგის ერთ-ერთ ფავორიტს უმასპინძლა და მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია წინააღმდეგობა. ლოსანჯელესელებმა მესამე მეოთხედი 24:16 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 16 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ “ლეიკერსმა” მატჩი 101:87 მოიგო.
ფაჩულიამ მოედანზე 22,10 წუთი გაატარა და თამაშიდან შესრულებული სროლებისას ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, ორმაგ დუბლს შეასრულებდა. ზაზამ 8-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა მოაგროვა და ამას 10 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაყოლა. აღსანიშნავია, რომ ფაჩულიას ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და მისი ნასროლისთვის არავის დაუფარებია. “ლეიკერსის” ორივე მეფარემ – პაუ გასოლმა (14 ქულა, 11 მოხსნა) და ენდრიუ ბაინუმმა (16 ქულა, 16 მოხსნა) ორმაგი დუბლი შეასრულეს, ხოლო ატლანტელ ალ ჰორფორდს ერთი მოხსნა დააკლდა ამ შედეგამდე (17 ქულა, 9 მოხსნა).
“ატლანტას” 27 წაგების წილ 37 მოგება აქვს და ეს გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს “ატლანტა” 11 მარტს სტუმრად, “ჩიკაგოსთან” გამართავს.