ფაჩულიას პირადი რეკორდები ტორონტოში

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში პირადი რეკორდი დაამყარა ორ მაჩვენებელში – ჯერ ერთი, რომ ამდენი არ უთამაშია და მთავარი: ამდენი ქულა არ დაუგროვებია. ამ გამთენიისას ატლანტელებმა ტორონტოში „გრიზლისს“ 111:89 მოუგეს, ქართველმა ცენტრმა კი 22 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ზაზამ მთლიანობაში 9–ჯერ შეუტია ტორონტოელთა ფარს და მხოლოდ ერთი ააცილა. ფაჩულიამ 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 7 ორქულიანი სროლიდან 6 მოათავსა კანადური გუნდის კალათში.
პირველად, მიმდინარე სეზონში, ფაჩულიამ თავის უშუალო კონკურენტ ალ ჰორფორდზე მეტხანს ითამაშა. ამ უკანასკნელმა ხუთეულში კი დაიწყო თამაში, მაგრამ მოედანზე 21 წუთი გაატარა და 10 ქულას, 6 მოხსნას და 2 პასს დასჯერდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ძირითადად ფაჩულიას მოუწია ტორონტოელთა საუკეთესო მოთამაშესთან ჭიდილი, რაზეც ქვემოთ მოყვანილი ფოტოგალერეაც მოწმობს. კრის ბოში ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდ–ცენტრია, რომელმაც ატლანტელებთან მატჩში 36 წუთში 14 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი 5–ჯერ დაკარგა.
„ატლანტა“ სრულად დომინირებდა ამ მატჩში და ყველა მეოთხედი მეტ–ნაკლები უპირატესობით მოიგო. ჯორჯიელებისთვის ამ მოგებას სატურნირო თვალსაზრისით არაფერი შეუცვლია. ისინი თავის დივიზიონში კვლავ „ორლანდოს“ ჩამორჩებიან (თითო მოგებ–წაგებით), ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეზე არიან.
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ „ნიუ ჯერსისთან“ ხვალ საკუთარ „ფილიპს არენაზე“ გამართავს.
 
ზაზა ფაჩულიასა და კრის ბოშის დუელის ამსახველი ფოტოგალერეა: