ფაჩულიას საჩუქარი დაბადების დღეზე: დიურანტზე მეტი ქულა და გამარჯვება “სფურსთან”

ფაჩულიას საჩუქარი დაბადების დღეზე: დიურანტზე მეტი ქულა და გამარჯვება “სფურსთან”

საკუთარი დაბადების დღეს ზაზა ფაჩულიამ საჩუქრად “სან ანტონიოსთან” გამარჯვება და 12-ქულიანი თამასა მიიღო. ქართველი ცენტრის 34-ე დაბადების დღეს “გოლდენ სტეიტმა” “სფურსს” უმასპინძლა და 122:105 დაამარცხა, რაშიც იუბილარმა საკმაოდ სოლიდური წილი დაიდო.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 15 წუთი დაჰყო. ზაზამ 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და დანარჩენი სასტარტოების მსგავსად, საკუთარი მონაგარი 2 ციფრით გამოხატა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა.

“სან ანტონიოს” აკლდა კავაი ლეონარდი, ხოლო ლამარკუს ოლდრიჯმა 20 ქულას უწია, ისევე როგორც კაილი ანდერსონმა. “გოლდენ სტეიტში” 25 ქულით ბომბარდირი კლეი ტომპსონი გახდა, სტეფ კარიმ 17 ქულა და 8 პასი მოაგროვა, კევინ დიურანტი კი 10 ქულას დასჯერდა.

43 მოგებითა და 13 მარცხით “გოლდენ სტეიტი” ლიგის ლიდერია და 2 მოგებით უსწრებს “ჰიუსტონს”. 13 თებერვალს ოკლენდელები “ფინიქსს” უმასპინძლებენ.