ფაჩულიას სასტარტო და შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი: 17 ქულა, 14 მოხსნა

ფაჩულიას სასტარტო და შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი: 17 ქულა, 14 მოხსნა

ზაზა ფაჩულიამ „ატლანტას“ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი დაამარცხებინა.  აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამეადგილოსანმა „ჰოუქსმა“ ერთი საფეხურით დაბლა მყოფ „ინდიანას“ უმასპინძლა და 109:100 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა. ზაზამ მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა მოხსნებსა და მოედანზე გადატებულ წუთებში.
 
ქართველ ცენტრს სასტარტოში ჯკარგა ხანია, აღარ ეთამაშა. 10-მატჩიანი შესვენების შემდეგ ფაჩულია ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში კვლავ გამოჩნდა. ამის მიზეზი ფორვარდ ჯოშ სმიტის ტრავმა გახლდათ, რომელმაც მატჩს სათადარიგოთა სკამიდან უყურა. ერთ-ერთი ლიდერის არყოფნა ფაჩულიამ გუნდს არ აგრძნობინა და ისე შედეგიანად ითამაშა, რომ მის მონაგარზე უარს არც თავად სმიტი იტყოდა უარს.
 
ფაჩულიამ 38,24 წუთი ითამაშა და ატლანტელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ზაზამ 11 ორქულიანიდან 7 ჩააგდო, რასაც 4-დან 3 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 17 ქულით დაასრულა. ფაჩულიამ მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 14 მოხსნა დააგროვა. მეტი დადებითი სტატისტიკური მაჩვენებელი ქართველს არ ჰქონია და პასივში 2 დაკარგული ბურთი მოეძევება. ფაჩულიამ ყველანაირად დაჩაგრა ინდიანელთა სასტარტო ცენტრი როი ჰიბერტი. ეს უკანასკნელი უნიათო გარჯის გამო მწვრთნელმა ბოლო მეოთხედში მოედანს საერთოდ გაარიდა. ჰიბერტმა მხოლოდ 20 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ, ერთადერთი მოხსნითა და დაფარებით დატოვა.
 

ფაჩულიას კარგ გარჯას ალ ჰორფორდი და კაილი კორვერი ულოცავენ
 
ატლანტელთა სასტარტო ხუთეულში 10-ქულიან ზღვარს ყველამ გადააბიჯა. მათ შორის ლუის უილიამსმა 21 ქულა და 12 პასი, ხოლო ალ ჰორფორდმა 20 ქულა მოაგროვა. „ჰოუქსისთვის“ ეს იყო მე-19 გამარჯვება, რის შემდეგაც ფაჩულიას გუნდი „ნიუ იორკს“ მიუახლოვდა. აღმოსავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსან ნიუიორკელებს 21 მოგება და 9 მარცი აქვთ, ატლანტელებს კი ამ შედეგზე 2 მოგებით ნაკლები. მომდევნო მატჩს ჯორჯიელები ახალი წლის ღამეს, ჰიუსტონში გამართავენ.
 
დღესვე თავისი მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ბრუკლინმა“, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში, 103:100 გატეხა „კლივლენდი“. ბრუკლინში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა პიჯეი კარლისიმომ ქართველი ფორვარდი განაცხადში ამჯერად შეიყვანა, მაგრამ მისთვის თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მიუცია.